პარლამენტში სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობების გახმაურებული საქმეების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მომხრე დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი უმრავლესობიდან, თავად ნინო ბურჯანაძემ კი, ოპოზიციის განცხადებით, კენჭისყრას შეგნებულად აარიდა თავი, წერს გაზეთი ”რეზონანსი” 19 თებერვალს.
საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციის ინიციატივა პარლამენტში 16 თებერვალს გამართული კენჭისყრის დროს ჩავარდა, როცა ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით კანადას სტუმრობდა.
კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა უმრავლესობიდან ლადო პაპავამ, ზვიად დოლიძემ, კოტე ბერიძემ, დავით ბაზღაძემ, ზურაბ დავითაშვილმა, როინ ჯანაშიამ, რომლებიც ”რეზონანსის” განცხადებით, ბურჯანაძის გუნდში მოიაზრებიან. კომისიის შექმნას ასევე მიემხრო დამოუკიდებელი დეპუტატი ჯუმბერ პატიაშვილი.
”ბურჯანაძე ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის წინ საზღვარგარეთ გაფრინდა. სპიკერი ყველა ასეთი პრინციპული საკითხის განხილვას თავს არიდებს”, – აცხადებს კომისიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტიდან კახა კუკავა ”რეზონანსთან” ინტერვიუში.
თუმცა 13 თებერვალს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ოპოზიციის თხოვნით პატივი მიაგო სანდრო გირგვლიანის ხსოვნას, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საბოლოოდ სიმართლე უნდა დადგინდეს ამ ”ტრაგედიასთან” დაკავშირებით და ”დასრულდეს სასამართლო პროცესი ისე, როგორც ამას საზოგადოება ელოდება”.
”ამ განცხადების შემდეგ ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ რომ სპიკერი გულის სიღრმეში პოლიციელი მაღალჩინოსნების მიერ მოკლული გირგვლიანის ოჯახს გულშემატკივრობს, თუმცა პრეზიდენტის გუნდის წევრია და ”ნაციონალი” ლიდერების გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება”, – წერს ”რეზონანსი”.
მმართველი პარტიის ლიდერებმა საგამოძიებო კომისიის შექმნის საწინააღმდეგოდ ის მოტივი დაასახელეს, რომ მათი საკითხისადმი მხარდაჭერა სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი უნდობლობის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.
”საგამოძიებო კომისია ყველაზე მცირე შს მინისტრს [ვანო მერაბიშვილს] და გენერალურ პროკურორს [ზურაბ ადეიშვილს] შეცვლიდა… საქმის გამოძიების დროს ორივეს დანაშაულებრივი მოქმედება იკვეთება. გენპროკურორის მოქმედება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც საქმის არაჯეროვან გამოძიებას ეხება. შს სამინისტროს პასუხისმგებლობა კი როგორც დანაშაულის გამოძიების, ისე დანაშაულის ჩადენის საკითხში დგას”, – აცხადებს კახა კუკავა.
გირგვლიანის და რობაქიძის ნათესავები, ადამიანის უფლებათა დამცველები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ გამოძიებამ დამალა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მონაწილეობა მკვლელობის ორივე საქმეში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)