Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მთავრობას ევროკავშირთან სამოქმედო გეგმის გააზრებულად მიღებისკენ მოუწოდებს

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მოუწოდა მინისტრებს, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცოს მთავრობამ, რაც კარგად გაიაზრებს მასში გაწერილ ვალდებულებებს, ”იმიტომ, რომ ეს იქნება მრავალი წლის განმავლობაში მთლიანად მთავრობის სამოქმედო პროგრამა”.


”მე მინდა მინისტრებს გკითხოთ რამდენს გაქვთ ევროკავშირის სამოქმედო პროგრამა წაკითხული? მე მინდა გთხოვოთ, რომ თუ მზად ხართ დღეს დასამტკიცებლად, დაამტკიცეთ, თუ არა და ბევრად უფრო ყურადღებით წაიკითხეთ იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი… სასურველია, რომ დროით დავამტკიცოთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ნაჩქარევად დავამტკიცოთ. კარგად უნდა გავიაზროთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ამ პროგრამის მთავრობის მიერ დამტკიცება”, – განაცხადა თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


სამოქმედო გეგმა ევროპული და ევროალტანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა და ეს საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომას უნდა განეხილა.


”ჩვენ უნდა ვისწავლოთ ევროკავშირთან სერიოზული მოქმედება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ რასაც ავიღებთ ვალდებულებას, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ყველა ვალდებულება უნდა ავიღოთ კარგად დაფიქრებულად ისე კი არა, რომ ამასაც მოვაწერთ ხელს, იმასაც და ბოლოს და ბოლოს ან იმათ დაავიწყდებათ ან ჩვენ მოვატყუებთ. იმათ არაფერი არ დაავიწყდებათ და ჩვენ არავის არ მოვატყუებთ. ყველაფერი უნდა იყოს სერიოზულად გაკეთებული, გააზრებულად და ჯდებოდეს ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებში”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)