სამხრეთ ოსეთის ”ალტერნატიული” პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს უცხოელი დონორების მიერ კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს, თუმცა მიუხედავად ამისა მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს განაგრძონ პროექტის განხორციელება სამოქალაქო კონტროლის დაწესების პირობებში.
”კოკოითის ხელისუფლებამ შესაძლოა კვლავ შეჭამოს ეს ფული. მიუხედავად ყველაფერ ამისა, მე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააგრძელონ ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკური რეაბილიტაციის მე-4 პროგრამა და იმისთვის, რომ ეკონომიკური პროექტები რეალურად ემსახურებოდეს მოსახლეობის ინტერესებს, ვთავაზობ სამხრეთ ოსეთის ხალხს განახორციელოს ფინანსური სახსრების განაწილებაზე სამოქალაქო კონტროლი. მხოლოდ ამ გზით შევუშლით ხელს კოკოითის კორუმპირებულ ხელისუფლებას მიითვისოს მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფული და შევძლებთ საერთაშორისო პროგრამის გადარჩენას”, – განაცხადა 21 თებერვალს დიმიტრი სანაკოევმა ქურთაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრიუსელში, შარშან ივნისში ეუთოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დასავლელმა დონორებმა სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამაზე 8 მილიონი ევრო გამოყვეს.
1998 წლიდან დღემდე ევროპის კომისიამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის 7.5 მილიონი ევრო გამოყო. სარეაბილიტაციო პროგრამას ეუთო უწევს მენეჯმენტს, ხოლო გაეროს ლტოლვილთა სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებენ მას.
ოთხივე საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასთან და სამხრეთ ოსეთის მხარესთან ერთობლივი საორგანიზაციო კომიტეტის ფარგლებში თანამშრომლობს სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)