საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ წარდგება იმის გამო, რომ საქართველოში 1-2 მარტს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ჩამოდის.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის სავარაუდო თარიღად 1-2 მარტი დაასახელა, თუმცა დღეს ბიუროს სხდომაზე დაადასტურა, რომ გეგმები შეიცვალა.
უცნობია, თუ როდის წარუდგენს განვლილი წლის ანგარიშს მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებს და რა ფორმატი ექნება მის გამოსვლას პარლამენტში.
ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მონოლოგის სახე არ ჰქონდეს და მათ კითხვის დასმის უფლება მიეცეთ, თუმცა დეპუტატები უმრავლესობიდან აცხადებენ, რომ ფორმატს პრეზიდენტი თავად შეარჩევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)