საქართველოს აქვს სურვილი მეტი სამხედროები გააგზავნოს ერაყში კოალიციის ძალების ფარგლებში, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 მარტს.
”ჩვენი სურვილია და ამისათვის მზად ვართ კიდეც, რომ მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს ერაყელ და ამერიკელ კოლეგებს… გვინდა მათ დავანახოთ, რომ ქართველები არასდროს გარბიან. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, ჩვენ არა მარტო დავრჩებით იქ, არამედ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ამ ოპერაციებისთვის გადამწყვეტი პერიოდი იქნება, ერაყში ჩვენს სამხედრო მონაწილეობას გავზრდით”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გეგმავს ავღანეთშიც გააგზავნოს სამხედროები ნატოს ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. 27 თებერვალს CNN-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ”ამჟამად, ჩვენ ვსაუბრობთ ავღანეთში რამდენიმე ასეულ სამხედროზე [გაგზავნასთან დაკავშირებით]”.
ამჟამად, საქართველოს 850 სამხედრო ჰყავს ერაყში კოალიციის ძალების ფარგლებში.
2003 წლის აგვისტოდან მოყოლებული ერაყში 18 ქართველი სამხედრო დაიჭრა.
პრეზიდენტი სააკაშვილი 4 მარტს გორის მახლობლად ახალ მშენებარე სამხედრო ბაზას ეწვია.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი ახალი სამხედრო ბაზის გახსნის ცერემონია 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართოს.
”ეს არის ჩემი საყვარელი სამშენებლო ადგილი, რომელიც ახალი საქართველოს სიმბოლოა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)