საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო 4 მარტს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ”მორიგ უკანონო აქციას” უწოდებს და აცხადებს, რომ მის ”ლეგიტიმურობაზე რაიმე სახის მინიშნება ამორალური და ცინიკურია”.
სამინისტრო მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას ”მისცეს შესაბამისი შეფასება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობის ლეგიტიმიზაციის მცდელობებს და არ დაუშვას აგრესიული სეპარატიზმის მხარდაჭერა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ე.წ არჩევნები ჩატარდა რეგიონში, ”საიდანაც სეპარატისტების მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად განდევნილია ნახევარ მილიონამდე სხვადასხვა ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე და მიმდინარეობს მოსახლეობის დევნა ეთნიკური ნიშნით”.
”აღსანიშნავია რომ, ე.წ. არჩევნები რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში გაიმართა მოსახლეობაზე უპრეცენდენტო ზეწოლის, სოხუმის რეჟიმის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან განხორციელებული დაშინების ფონზე”, – აცხადებს საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)