საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვა ”ზოგიერთ სფეროში” გაუმჯობესდა, თუმცა ”სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება”, ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 6 მარტს გამოქვეყნებულ 2006 წლის მოხსენებაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ .
”მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაინც დაფიქსირდა სიკვდილიანობის შემთხვევები სამართალდამცავების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების გამო, ასევე დაკავებულთა წამების და ცუდად მოპყრობის შემთხვევები, პატიმართა აბუჩად აგდების და დაუსჯელობის ფაქტები, წინასწარი დაკავების ვადის გაჭიანურება ნაკლებად სერიოზული დანაშაულებისთვის, გაუარესებული პირობები ციხეებში და წინასწარი დაკავების საკნებში და ადვოკატების ხელმიუწვდომლობა რიგითი მოქალაქეებისთვის. ასევე გარკვეული წუხილები არსებობს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ხელისუფლების ზეწოლას სასამართლო სისტემაზე და მედიაზე და ასევე კორუფციას – მიუხედავად მისი არსებითი შემცირებისა პრეზიდენტის ინიციატივით განხორცილებული რეფორმების შედეგად”, – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენებაშია ნათქვამია, რომ 2006 წელს საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რათა გაეზარდა სასამართლოს ეფექტურობა დაფინანსების ზრდისა და ტრენინგების ჩატარების გზით. თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ”აღმასრულებელი ხელისუფლება და ძლიერი გარე ინტერესები განაგრძობენ ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე”.
”არასამთავრობო ორგანიზაციები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ სასამართლო ხელისუფლება კვლავ განაგრძობდა პროკურორების გადაწყვეტილებების ნოტარიულად დამმოწმებლის როლის შესრულებას, ხოლო აღმასრულებელი შტო ბოროტად იყენებდა თავის გავლენას. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავდნენ, რომ სასამართლო სისტემაში ახლად დანიშნულ კადრებს არ ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება და მომზადება დამოუკიდებელი მოქმედებისთვის. პირველი ინსტანციის სასამართლოებში ვაკანსიების დიდი რაოდენობის გამო ჭიანურდებოდა სასამართლო პროცესების დანიშვნა, რაც თავის მხრივ იწვევდა იმას, რომ პატიმრები წინასწარი დაკავების საკნებში გაუსაძლის პირობებში დიდი ხნით რჩებოდნენ”, – ნათქვამია მოხსენებაში.
დოკუმენტი ასევე მოყვანილია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის და თბილისში 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტის ფაქტები.
მოხსენება აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გააძლიერა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ”ერთი თვალსაჩინო მაგალითია” ხელისუფლების მცდელობებისა გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების და ჟურნალისტების პრეტენზიების თანახმად, ”მაღალი რანგის თანამდებობის პირები პირადად უკავშირდებოდნენ საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელებს სარედაქციო პოლიტიკაზე და ეთერში გასასვლელ მასალებზე გავლენის მოხდენის მიზნით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)