Site icon Civil.ge

”იმედი”: საქართველომ შესაძლოა პატარკაციშვილი რუსეთს გადასცეს

საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი რუსეთს გადასცეს, იტყობინება ტელეკომპანია ”იმედი” 7 მარტს.


ტელეკომპანიამ ეს ინფორმაცია უცნობ ”წყაროზე” დაყრდნობით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია ”არაოფიციალურია”.


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან.


”ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია”, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.


”ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ.


”რა საინტერესოა ვინ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია?.. რა თქმა უნდა არ ვადასტურებთ. გამორიცხულია საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადოს [ექსტრადიციაზე]”, – განაცხადა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ.


ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება, 5 მარტს ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან დატოვა საქართველო და თავისი ბიზნესი დასავლეთში გადაიტანა, რათა თავიდან აეცილებინა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებაში მისი ჩათრევა.  


პატარკაციშვილმა, რომელიც ბოლოს დროს საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში იმყოფებოდა,  ასევე განაცხადა, რომ მას არ ეშინია რუსეთში ექსტრადიციის, რადგანაც მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს და ” ამ შემთხვევაშიც ალბათ ძნელად თუ რამე დამემუქრება”.


ბოლო დღეების მანძილზე ტელეკომპანია ”იმედი”, რომლის თანამფლობელები არიან ბადრი პატარკაციშვილი და News Corporation, თავისი პოლიტიკური პროგრამების საეთერო დროს აქტიურად უთმობს ის საკითხებს, რომლებიც პატარკაციშვილის მიმართ ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება.


ამის ფორმალური მიზეზი გახდა სატელეფონო ჩანაწერი პატიმარ პაატა მამარდაშვილს და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელ გია დგებუაძეს შორის, რომელიც ”იმედმა” გააშუქა. ჩანაწერში დგებუაძე ეუბნება პატიმარ მამარდაშვილს, რომ შეეცადოს და მოიპოვოს კომპრომატები ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ.      
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)