საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ”სამწუხაროა”, რომ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მსოფლიო თანამეგობრობის აზრისაგან განსხვავებული მიდგომა.
6 მარტს ოფიციალურ კომენტარში რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პატივს სცემს აფხაზეთის არჩევნებს მაშინ, როცა ეს ფაქტი ევროკავშირმა, ნატომ, ეუთომ, ევროპის საბჭომ და აშშ-მ კატეგორიულად დაგმო.
”სავსებით გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება “დემოკრატიული ტენდენციების გაგრძელებაზე” საუბარი, როდესაც საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომელმაც განახორციელა ეთნიკური წმენდა”, – ნათქვამია საგარეო უწყების 7 მარტის კომენტარში.
თბილისი აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნები მისი მოსამზადებელი და საინფორმაციო უზრუნველყოფის ჩათვლით ხორციელდებოდა მოსკოვიდან მივლინებული “სპეციალისტების” ხელმძღვანელობით და რუსეთის მას-მედიის მხარდაჭერით.
”ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ასევე [მოსკოვის მიერ] “დამკვირვებელთა” შეფასებებზე აპელირება, რომელთა ჯგუფი ძირითადად შედგებოდა სხვადასხვა სეპარატისტული რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის, რბილად რომ ვთქვათ, ოდიოზური და პოლიტიკურად ანგაჟირებული წარმომადგენლებისაგან”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქართული მხარე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საშუამავლო ფუნქციები და რეალურად შეუწყოს ხელი ჩიხში შეყვანილი მოლაპარაკებათა პროცესის განახლებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)