Site icon Civil.ge

ეკონომიკის სამინისტრო თბილისის აეროპორტის ყაზახებისთვის შესაძლო გადაცემას არ ადასტურებს

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, რომელსაც 15 წლით მართვის უფლებით თურქული კომპანია ”TAV-Geogria”  ფლობს, ყაზახური კომპანიებისთვის შესაძლო გადაცემის თაობაზე.


”რუსთავი 2”-ის ცნობით, 4-5 აპრილს, თბილისში საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა წინადადება თბილისის აეროპორტის მართვის უფლების ყაზახური კომპანიისთვის 100 მლნ აშშ დოლარად შესაძლო მიყიდვის თაობაზე. 


”არ ვიცით საიდან გავრცელდა ეს ჭორი, არც ეკონომიკის სამინისტრო და არც თავად კომპანია [”TAV-Geogria”] არ ადასტურებს ამ ინფორმაციას,” – განუცხადეს ”სივილ ჯორჯიას” ეკონომიკის განვითარების სამინისტროში.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 7 თებერვალს გაიხსნა. მისი მშენებლობა  კომპანია Tepe-Akfen-Vie (TAV)-მა თურქულ სამშენებლო ფირმა Urban-თან თანამშრომლობით განახორციელა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებასთან 2005 წლის სექტემბერში შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


TAV-ი ახალ აეროპორტს ბათუმშიც აშენებს. ორივე პროექტში თურქულმა კონსორციუმმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)