Site icon Civil.ge

სააკაშვილი: არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ნატო, ნატოსაც სჭირდება საქართველო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის შემდგომის ეტაპისთვის მზად იქნება წელს და ”უახლოეს თვეებში” ელის ნატოს ოფიციალური კანდიდატობის სამოქმედო გეგმის მიღებას, რისთვისაც ტექნიკური მხარე უკვე მზადაა და ”ახლა საკითხი დგას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა”.


ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე როუზ-როსის სემინარის გახსნაზე ისაუბრა.  სემინარი სახელწოდებით ”საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე” თბილისში 19-21 აპრილის განმავლობაში გაგრძელდება.


”საქართველოს მორჩება შემოდგომაზე ინტენსიური დიალოგის პროცესს. ნატოს ბოლო მისიები აქედან წავიდა უკიდურესად დადებითი დასკვნით. ტექნიკური მხარე საქართველოს მიერ შესრულებულია ფრიადზე. ახლა საკითხი დგას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა. მე იმედი მაქვს ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ის პოლიტიკოსები, ვისაც აქვს უნარი დადებითი პასუხის გაცემის ყველაზე მწვავე საკითხებზეც კი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


მისი თქმით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარების როლი იქნება გადამწყვეტი.


”იმიტომ, რომ ეს საკითხი არ უნდა ჩავუგდოთ ხელში რეალ-პოლიტიკოსებს და ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, თუ როგორია [რუსული] გაზის ფასი. ჩვენი გამოცდილებაა, რომ ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებს არ ვცვლით მიუხედავად იმისა, თუ როგორია გაზის ფასი საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ნამდვილად არ არის მდიდარი ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს კიდევ უფრო მაღალი ფასეულობები, ვიდრე წმინდა პრაგმატული მოსაზრებები და მე ვხედავ, რომ მხარდაჭერის მოძრაობა ფართოვდება… და ჩვენ ველით თქვენგან ამ პროცესების გაღრმავებას,”- მიმართა სემინარის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს საუკუნოვანი ოცნებაა იყოს მსოფლიოში მოწინავე კლუბების წევრი და აღადგინოს დარღვეული ისტორიული კავშირი ევროპასთან, რადგან ”ამას აქვს ბევრად უფრო ღრმა ფესვები, ვიდრე ბოლო წლების პოლიტიკური ან ეკონომიკური მოვლენები”.


”ამითია განპირობებული საქართველოს საზოგადოების მაღალი ხარისხის მხარდაჭერა, სხვათა შორის  ყველა ეთნიკური ჯგუფის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ,”- განაცხადა სააკაშვილმა.


მას საგანგებოდ გაუსვა ხაზი საქართველოს ყველა საპარლამენტო ძალის, მათ შორის ოპოზიციის კონსოლიდირებულ დამოკიდებულებას საქართველოს მიერ აღებული ევროატლანტიკური კურსის მიმართ. პარლამენტმა ერთხმად მიიღო მარტში ამ კურსის მხარდამჭერი დეკლარაცია.


”საქართველო რა თქმა უნდა იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი… და მე დარწმუნებული ვარ ჩვენ მივედით იმ ისტორიულ ეტაპამდე, როცა ქართველების საუკუნოვანი ოცნება გახდეს მოწინავე კლუბების და ნატო არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და სწორი ადგილი ჩვენი ყოფნის, ახდება და ამას განახორციელებს პოლიტიკოსების ჩვენი თაობა თქვენი მეშვეობით, დახმარებით, რჩევებით და ურთიერთგაზიარებით,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)