Site icon Civil.ge

ოპოზიცია საკუთრების ამნისტიის შესახებ კანონპროექტით უკმაყოფილოა

საკუთრების უფლების დასაცავად შემუშავებული კანონპროექტი ვერ პასუხობს მოლოდინს, რადგან ის შესაძლოა არ შეეხოს იმ ობიექტებს, რომლებსაც სახელმწიფო ამჟამად ედავება კერძო მესაკუთრეებს, აცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები.


კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე და დაკომპლექტებულია დეპუტატებით როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან.


8 მაისს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტს ”ბუტაფორიული” უწოდა.


”თითქოს ერთი წაკითხვით ეს კანონპროექტი პასუხობს იმ დაპირებას და იმ გამოწვევას, რომელიც დგას საზოგადოების და ამ ხელისუფლების წინაშე.  პრობლემა არის ”მცირედ” გამონაკლისში, როდესაც ეს კანონი, ამ პროექტის მიხედვით, არ შეეხება იმ საკუთრებას, რომელზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება და იმ საკუთრებას, რომლის კანონიერებაზეც მიმდინარეობს გამოძიება,”- განაცხადა გამყრელიძემ.


გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის ”უპერსპექტივობის” ფონზე ვერ ხედავს ამ ჯგუფში მუშაობის აზრს, ”რადგან იქ უმრავლესობა არ აპირებს არცერთ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის მიუღებელია რაიმე დათმობებზე წავიდეს და მიიღებს ისე, როგორც აქვს ჩაფიქრებული”.
 
გამყრელიძემ მოუწოდა პრეზიდენტს კიდევ ერთი შეხვედრა გამართოს ოპოზიციასთან საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით. 
 
”მე მინდა და ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს მოისმინოს პრეზიდენტის პოზიცია საკუთრების კანონთან დაკავშირებით. ან პრეზიდენტი მოისმენს ჩვენ არგუმენტებს, მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და არ შემოიღებს ისეთ კანონს საკუთრების დასაცავად, რომელიც რეალურად არ იმუშავებს ან არადა მაშინ, თუ პრეზიდენტმა 11 მაისამდე, როცა ის მიემგზავრება ვარშავაში, არ მოისურვა ეს შეხვედრა, ეს იქნება მკაფიო პასუხი, რომ ეს არის თავად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და თავად ის იქნება პასუხისმგებელი გასცეს პასუხი რატომ იღებს ეს ხელისუფლება კანონებს ხალხის წინააღმდეგ რატომ ატარებს ეს ხელისუფლება პოლიტიკას ხალხის წინააღმდეგ,”- განაცხადა გამყრელიძემ.


თბილისის მერია აპირებს დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება 1999-2000 წლებში  მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. გამყრელიძის თქმით, ქუთაისში პროკურატურამ 12 სისხლის სამართლის საქმე აღძრა პრივატიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ეს დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ჩქარობს, რათა აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედებამდე მოასწროს გადახედოს პრივატიზაციის შედეგებს.


მმართველი უმრავლესობა აღიარებს იმას, რომ საკუთრების ”ყველაზე უფრო საკვანძო და სამარცხვინო შემთხვევებზე”, რაც მესაკუთრეთა საერთო რაოდენობის 5%-ს მოიცავს,  გამოძიება მიმდინარეობს და კანონის მიღებამდეც გაგრძელდება.


”არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ დღესაც ეს გრძელდება და ამის საწინააღმდეგო მე არაფერი არ მაქვს, მაგრამ ამ კანონის მიღების შემდეგ თამაშის წესები კიდევ ერთხელ გასწორდება და კიდევ უფრო ნათელი იქნება რა შემთხვევაში შეიძლება გამოძიება და რა შემთხვევაში აღარ მოხდება ეს,”- განაცხადა პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.


”იმ კანონმდებლობით, რომლის მიღებასაც ჩვენ ვაპირებთ, პრაქტიკულად ხდება ამნისტირება ძალიან მძიმე დარღვევებით შეძენილი ქონებისა. ჩვენ ამაზე შეგნებულად მივდივართ იმიტომ, რომ გვსურს რაღაც პერიოდის შემდეგ ეს პრობლემები ამოიწუროს,” – დასძინა მან.


დავით გამყრელიძემ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პოზიტიური როლი ინტერფრაქციულ ჯგუფში მიმდინარე კონსულტაციების პროცესში და იქვე დასძინა, რომ სამწუხაროდ ბურჯანაძე ამ ხელისუფლებაში უმცირესობაში აღმოჩნდა.


ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ იჩქარა და კანონპროექტს განაჩენი დროზე ადრე გამოუტანა, რადგან მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.


”ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მისაღები კანონპროექტი შემოვიდეს განსახილველად პარლამენტში,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის სხდომაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)