ცხინვალში, დღეს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების შეხვედრა ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე იმართება.
ცხინვალში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, შსკ-ს თანათავმჯდომარე იური პოპოვი, რომელიც თბილისში 12 ივლისს ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან მერაბ ანთაძესთან.
”ანთაძე ჯერ-ჯერობით მზად არ არის მიიღოს მონაწილეობა ხვალინდელ სხდომაში”, – იუწყება ”რია ნოვოსტი” იური პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით 13 ივლისს.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ცხინვალში მიმდინარეობს ”მხარეებს შორის ჩვეულებრივი შეხვედრა”.
”ქართული მხარე კვლავ გამოდის შსკ-ს თანათავმჯდომარეების სხდომის თბილისში ჩატარების ინიციატივით”, – განუცხადეს ”სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
თუმცა ამ წინადადებას ცხინვალი ეწინააღმდეგება უსაფრთხოების არ არსებობის მოტივით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)