Site icon Civil.ge

’ჩამოვარდნილ თვითმფრინავს’ კვლავ ეძებენ

ზემო კოდორის ხეობაში სავარაუდოდ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ძებნის პირველი დღე უშედეგოდ დასრულდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 25 აგვისტოს.

“ჩვენ მეორე ჯგუფი კვლავ ადგილზე იმყოფება და განაგრძობს ძებნის ოპერაციას,” – განუცხადა Civil.Ge-ს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც ზემო კოდორის ხეობიდან 25 აგვისტოს გვიან ღამით დაბრუნდა.

“მათგან რაიმე ინფორმაციას სავარაუდოდ ხვალ [26 აგვისტოს], ველოდებით. ეს [თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი] საკმაოდ რთული ტერიტორიაა და იქ ვერტმფრენსაც კი უჭირს მისვლა,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ოფიციალურად შეუძლებელია იმის დადასტურება, თვითმფრინავი მართლა ჩამოვარდა, თუ არა.


“ერთადერთი რამ, რისი ოფიციალურად დადასტურებაც ჩვენ ამ მომენტისთვის შეგვიძლია არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად განვახორციელეთ გამაფრთხილებელი გასროლა შემოჭრილი თვითმფრინავის მისამართით,” – დასძინა უტიაშვილმა.


ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან შემოფრენილმა ამოუცნობმა საფრენმა აპარატმა 21, 22 და 23 აგვისტოს რამდენჯერმე დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე ზემო კოდორის ხეობის თავზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 აგვისტოს დაფიქსირებული ინციდენტის დროს შსს-მ უპასუხა საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს “არსებული პროცედურის თანახმად და შემდეგ გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა”.


“22 აგვისტოს, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის დროს, ჩვენი მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით გახსნილი იქნა გამაფრთხილებელი ცეცხლი; ამის შემდეგ ფრენა შეწყდა,” – განაცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა.


“მივმართავთ რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ერთობლივად იქნას გამოძიებული საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი,” – დასძინა მან.


რუსულმა მხარემ უარყო საქართველოს ბრალდებები და მას “კიდევ ერთი პროვოკაცია” უწოდა.


თუმცა, აფხაზურმა მხარემ თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით 25 აგვისტოს ახალი ვერსია გაახმოვანა, განაცხადა რა, რომ 22 აგვისტოს ზემო კოდორის ხეობაში მართლაც ჩამოვარდა ამოუცნობი საფრენი აპარატი.  სოხუმის განცხადებით, ეს საფრენი აპარატი ქართულ მხარეს ეკუთვნოდა.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა 25 აგვისტოს სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან თავად დაინახა როგორ შემოფრინდა საფრენი აპარატი შავი ზღვიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე.


“ის აშკარად კარგავდა სიმაღლეს; მას უკან მკვეთრი კვამლი მოსდევდა. ეს თვითმფრინავი [ქვემო] კოდორის ხეობაში ჩვენმა სამეთვალყურეო პოსტმაც შეამჩნია. შემდეგ მათ შეამჩნიეს ელვარე კვამლიც,” – განაცხადა ზაიცევმა.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება ზაიცევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ეს შესაძლოა ამერიკული თვითმფრინავი იყო. თუმცა, მოგვიანებით ზაიცევმა უარყო, რომ ასეთი განცხადება გააკეთა.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქვემო კოდორის ხეობის საგუშაგოს თანამშრომლებმა შენიშნეს საფრენი აპარატი, “შემდეგ მათ დაინახეს და გაიგეს აფეთქების ხმაც”.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ მის კონტროლირებად ქვემო კოდორის ხეობაში სამძებრო ღონისძიებები გაატარა, თუმცა ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იქ ვერ აღმოაჩინა.


ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველად 24 აგვისტოს საღამოს გავცელდა, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ქართულმა ძალებმა ზემო კოდორის ხეობის თავზე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.


თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, რადგანაც, გავრცელებული ინფორმაციით, ის ხეობის საკმაოდ მოშორებულ ადგილას ჩამოვარდა. თუმცა, თვითმხილველებმა “რუსთავი 2”-ს განუცხადეს ტელეფონით, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მან შავი კვამლი შენიშნეს.


იმ პერიოდში კოდორის ხეობის მახლობლად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებდნენ სულ ცოტა ორი სამხედრო ვერტმფრენისა და ორი თვითმფრინავის მონაწილეობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)