Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის სასამართლოს გზით იბრძოლებს

”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა სასამართლოს გზით მოიპოვოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.


სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ღიად გამოთქვა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ამის უფლება არ აქვს, რადგანაც ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოში არ უცხოვრია. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოდან ემიგრირებულ ქართულ ოჯახში დაიბადა. ის საქართველოში 2003 წლიდან ცხოვრობს. მისი არგუმენტაციით, კონსტიტუციის ეს ამკრძალავი მუხლი არ უნდა ვრცელდებოდეს მათზე, რომელთა წინაპრებმაც საბჭოთა ოკუპაციის დროს, 1921 წელს დატოვეს საქართველო.


ივლისის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა წერილი გაუგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომლითაც ეკითხებოდა კომისიას, ჰქონდა თუ არა მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ოფიციალურ პასუხში, რომელსაც სამართლებრივი ძალა აქვს, ცსკ-მ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატობის უფლება არ აქვს. 3 სექტემბერს ”საქართველოს გზის” ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ცსკ-ს ამ პასუხის გაუქმება სთხოვა. ანალიტიკოსთა განცხადებით, მას წარმატების ცოტა შანსი აქვს, რადგანაც იმისათვის, რომ მან კენჭი იყაროს საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო.


ამავდროულად, გაზეთმა ”რეზონანსმა” 3 სექტემბერს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის არარეპრეზენტატიული გამოკითხვის შედეგები. გაზეთის ცნობით, ტელეფონის საშუალებით გამოიკითხა 300 შემთხვევით არჩეული რესპონდენტი თბილისის მასშტაბით. მათ კითხეს, თუ ვის აირჩევდნენ პრეზიდენტად არჩევნები დღეს რომ გამართულიყო.


”რეზონანსის” ცნობით, გამოკითხულთა 27%-მა უპასუხა, რომ ისინი არც ერთ პოტენციურ კანდიდატს არ მისცემდნენ ხმას. ამავე გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხმების 14.6% მოიპოვა. მის შემდეგ მოდის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხმების 10%-ით.


დავით ბერძენიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა 7.3%-ით, ხოლო ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მეოთხე ადგილი 5.6%-ით. შემდეგ მოდიან: ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი – 4.6%, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე და გია მაისაშვილი – 4.3% თითოეულს. გამოკითხულთა 19.6%-მა განაცხადა, რომ მათ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.    
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)