რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო კონტიგენტის ორი ჯარისკაცი, რომელთაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ბრალდებით 30 აგვისტოს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამ მოთხოვნით საპროტესტო ნოტა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასცეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს.
”კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ რუსეთის წარმომადგენლების დაშვება დაკავებულებთან და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში.
ამავე ცნობით დაკავებული ტარიელ ხაჩიროვი და ვიტალი ვალიევი რუსეთის მოქალაქეები არიან და ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონში მსახურობდნენ.
თუმცა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ დაკავებულები სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები არიან და არა ჩრდილოეთ ოსეთის, მაშინ როცა არსებული შეთანხმებები კრძალავს ადგილობრივების სამსახურს სამშვიდობო ძალებში.
რუსული მხარე კი მიანიშნებს, რომ შერეული სამშვიდობო ძალების მოსამსახურეთა მოქალაქეობის საკითხები განსაზღვრული არ არის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 1994 წლის დოკუმენტის თანახმად, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა საქმიანობის ძირითად პრინციპებს არეგულირებს, კონტიგენტი კომპლექტდება ”მხარეთა მიერ ნებაყოფლობით საფუძველზე აყვანილი კონტრაქტორი სამხედროების მიერ, რომელთაც მოხდილი აქვთ სამხედრო სამსახური… და რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეიარაღებულ შეტაკებებში კონფლიქტის დროს”.
”უფრო მეტიც… სამშვიდობოები მხოლოდ საკუთარი მხარეების იურისდიქციის ქვეშ ხვდებიან ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
საქართველოს შსს-ს წარმომადგენლმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ ტარიელ ხაჩიროვისა და ვიტალი ვალიევის გათავისუფლება არ მოხდება, რადგან ისინი იმ პირებს შორის იყვნენ, ვინც 26 და 27 აგვისტოს უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათ შორის 13 წლის ბიჭი და ასევე ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” გადამღები ჯგუფები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)