თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. მან 25 სექტემბერს ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” ასევე გააკეთა განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მან ასევე ისაუბრა სამხრეთ ოსეთის დაბრუნების განუხორციელებელ გეგმებზე. ოქრუაშვილმა ასევე იერიში მიიტანა მმართველი პარტიის გავლენიან დეპუტატზე გიგა ბოკერიაზე.
”ღია ეთერში” საუბრისას ოქრუაშვილმა განაგრძო თავისი ყოფილი მოკავშირის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დილით დაწყებული კამპანია, რომელიც მისი ახალ პოლიტიკურ პარტიის – მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – პრეზენტაციას დაამთხვია.
პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ოდესმე გაჟღერებულ ყველაზე სერიოზულ ბრალდებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ოქრუაშვილის თქმით, 2005 წლის ივლისში, მას პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია. ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილს ამის ”კონკრეტული გეგმაც” ჰქონდა შემუშავებული.
”სააკაშვილმა მითხრა, რომ თავიდან უნდა მოგვეშორებინა ის [პატარკაციშვილი] იმ გზით, რა გზითაც ეს მოხდა რაფიკ ჰარირის შემთხვევაში” – ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მოკლეს,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი პიროვნების საშუალებით, რომლის დასახელებისგანაც მან თავი შეიკავა და რომელიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე არ არის, მან გადასცა ინფორმაცია ამერიკელებს სააკაშვილის გეგმის თაობაზე. ”მას შემდეგ სააკაშვილს ჩემთან ამ საკითხზე არ უსაუბრია,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.
”იგი კვლავაც მიიჩნევს მას [პატარკაციშვილს] საფრთხედ,” – დასძინა მან.
ერთ დროს ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა გავლენიანმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის დაკვეთით მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყოფილ დეპუტატზე ვალერი გელაშვილზე თავდასხმა. გელაშვილს 2005 წლის ივლისში თბილისის ცენტრში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
”სააკაშვილს არ დაუკვეთია მისი თავიდან მოშორება. მან მხოლოდ დაავალა ასეთი სახით გასწორება და ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა [შინაგან საქმეთა მინისტრმა] მერაბიშვილმა,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ჟვანიას გარდაცვალების გამოგონილი მტკიცებულება
”ღია ეთერში” საუბრისას ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მტკიცებულება გამოიგონეს.
”არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება და არ ვიტყვი, რომ ჟვანია მოკლეს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჟვანიას გვამი მიიტანეს იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს”.
წინასწარი ოფიციალური ვერსიის თანახმად (გენერალურ პროკურატურას საბოლოო დასკვნები გამოძიების შესახებ ჯერ არ გამოუქვეყნებია), პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. ინციდენტი 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში ნაპოვნი იქნა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუფოვი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა.
ჟვანიას და უსუფოვის ნათესავები თვლიან, რომ ორივე მათგანი მოკლეს და აცხადებენ, რომ გვამები მიიტანეს ბინაში, რადგანაც იქ ვერც ჟვანიას, ვერც უსუფოვის თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინეს.
ოქრუაშვილმა, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დროს, თავდაცვის მინისტრი იყო, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მეტს არაფერს იტყვის ამ საქმესთან დაკავშირებით.
”სამხრეთ ოსეთის დაბრუნება მცირე ოპერაციის გზით”
ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციაში ყოფნის დროს ის თვალს ხუჭავდა უსამართლობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას იმედი ჰქონდა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში იგი მიაღწევდა სულ ცოტა ერთ მთავარ მიზანს მაინც და ეს მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის დაბრუნება.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მას ჰქონდა გეგმა ”მცირე ოპერაციისა, რომელსაც მხოლოდ მინიმალური დანაკარგი მოყვებოდა”. მისი თქმით, ეს არ იყო ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების გეგმა.
”მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამის შესახებ: მე, სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა [გენერალურმა პროკურორმა]. ბოკერია შეიძლება იყო, შეიძლება არა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა,”- აღნიშნა მან.
მისი თქმით, გეგმა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას 2006 წლის გაზაფხულზე.
”შემიძლია განვაცხადო, რომ მაშინ სავსებით შესაძლებელი იყო ამის გაკეთება მცირე ოპერაციით, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია, რადგანაც მათ [სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას] მნიშვნელოვანი სამხედრო ზრდა აქვთ,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის ”უპრინციპო” პოზიციამ ჩაშალა ეს გეგმა.
2005 წლის დეკემბერში და შემდეგ შვიდი თვის თავზე 2006 წელს, მთავრობიდან წასვლის წინ, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის 2007 წლის შეხვედრას ცხინვალში აპირებდა. ექსპერტთა ვარაუდით, სააკაშვილის გადაწყვეტილება ოქრუაშვილის თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში გადაყვანის თაობაზე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მისი პოზიციით იყო განპირობებული.
ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილმა ვერ შეძლო იმ შეთანხმებების დენონსირება, რომლებიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსი სამშვიდობოების ლეგალური ყოფნის საფუძველს წარმოადგენს.
”გაეროში გამოსვლისას [2006] წელს სააკაშვილს უნდა მოეხდინა ამ შეთანხმებების დენონსირება, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის წინ წამოწევის გამო.
მისი თქმით, სანაკოევი რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემით არ სარგებლობს. ”სანაკოევს ჯერ ერთი ოსიც არ გადმოუბირებია ცხინვალიდან, გარდა ძმები ქარქუსოვებისა,” – განაცხადა ოქრუაშვილმა. მან მხედველობაში ჰყავდა ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მისი ძმა ჯემალ ქარქუსოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი სანაკოევის ადმინისტრაციაში.
”ჩვენ ვნახავთ რა შედეგს მოიტანს სანაკოევი – აბსოლუტურად არაფერს,” – დასძინა მან.
”გადაწყვეტილებებს ორი ადამიანი იღებს”
ოქრუაშვილის თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ძირითადად ორი ადამიანი იღებს: პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ”მთავარი იდეოლოგი” გიგა ბოკერია.
მისი თქმით, პირადად ბოკერიას გადაწყვეტილებით მოხდა აჭარაში ეკლესიის დანგრევა.
ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახმა ”მილიარდები” იშოვა მისი გაპრეზიდენტების შემდეგ. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზა გადაეცა სააკაშვილის ”კარის ბიზნესმენს” რეზო შარანგიას; სააკაშვილის ბიძაშვილი ნიკა ალასანია კი შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის შემოტანას აკონტროლებს. ”იმ იარაღს, რომელიც ისრაელიდან შემოდის, პირადად ის აკონტროლებს,” – აღნიშნა ოქრუაშვილმა.
გიგა ბოკერიამ 26 სექტემბერს ოქრუაშვილს ”პატარა შეშინებული მეზღაპრე” უწოდა და განაცხადა მისმა განცხადებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)