სახელმწიფო ადექვატურ პასუხს გასცემს მათ, ვინ შეეცდება ქვეყანაში ცეცხლი დაანთოს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით კირკიტაძემ 28 სექტემბერს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე. წინა დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებას მასობრივი აქციებისაკენ მოუწოდეს, რათა პროტესტი გამოეხატათ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების გამო.
დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მოუწოდა ოპოზიციას თავი შეიკავონ ”ძალადობრივი ქმედებებისგან”.
”გუშინ რამოდენიმეჯერ მოვისმინე ტერმინი ”დამხობა.” მინდა ყველა გავაფრთხილო, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და რამე ტიპის ძალადობისკენ არ წაუცდეს ხელი თორემ სახელმწიფოდ პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, იქნება უმკაცრესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ უმკაცრესი,”- აღნიშნა მან.
”საქართველოში ცეცხლი არ ანთია. ის ადამიანი, რომელიც შეეცდება ცეცხლი დაანთონ ქვეყანაში, მიიღებს ადექვატურ პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან,” – განაცხადა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ საღამოს გამოძალვის, ფულის გათეთრების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოუწოდეს მოსახლეობას 28 სექტემბერს 14:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილიყვნენ.
ოქრუაშვილის ახლადშექმნილი პარტიის წევრები განსაკუთრებით მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ. მათი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა უნდა დატოვოს ხელისუფლება. ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი შეურთდებიან საპროტესტო აქციას. განსხვავებული პოზიცია დაიკავეს მხოლოდ ახალმა მემარჯვენეებმა, რომლებიც არ აპირებენ აქციაში მონაწილეობის მიღებას.
”რაღაცნაირად ახალი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყებად მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის დროშის ქვეშ დადგომა და ამით წინააღმდეგობის მოძრაობის წამოწყება არ კმარა,” – განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.
ოქრუაშვილის დაპატიმრება დაგმეს ოპოზიციურმა პარტიებმა და მას ”პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდეს. ოქრუაშვილის დაპატიმრებას ორი დღით უსწრებდა მისი საჯარო ბრალდებები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ.
თუმცა, გიგა ბოკერიამ უარყო მოვლენების ამგვარი ინტერპრეტაცია და მათ არასწორი უწოდა.
”პოლიტიკურ განცხადებებს კი არ მოყვა დაპატიმრება, პირიქით, ლეგიტიმურ დაპატიმრებებს, კორუფციასთან ბრძოლას მოყვა პოლიტიკური განცხადებები და მცდელობა, რომ ვინმე პოლიტიკას ამოფარებოდა,” – განაცხადა მან.
ბოკერია გულისხმობდა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ქიტოშვილის დაპატიმრებას. ამ უკანასკნელის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ოქრუაშვილი გამოძალვაში მონაწილეობდა, გახდა ერთ-ერთი საფუძველი ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპატიმრებისა.
ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრება კორუფციასთან ბრძოლის მტკიცე მაგალითია.
”გუშინდელი მოვლენების შემდეგ ყველა გაიგებს, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ყველა ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამდებობის პირი, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა , მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში, იქნება დასჯილი, თუკი ჩაიდენს დანაშაულს, ბოროტად გამოიყენებს თანამდებობას და მოიპარავს ფულს,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მმართველმა პარტიამ ასევე თხოვნით მიმართა პროკურატურას იმ ბრალდებების პარალელურად, რომელიც ოქრუაშვილს ოფიციალურად აქვს წაყენებული წაყენებული, გამოიძიოს იმ განცხადებების საფუძვლიანობა, რომელიც ოქრუაშვილმა პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინააღმდეგ გააკეთა.
”ჩვენ გვინდა, რომ გამოიკითხოს ბრალდებული ოქრუაშვილი, ასევე ის ადამიანები, ვინც დაკავებული არიან, რომ ხომ არ აქვთ მათ რაიმე ფაქტიური მასალა ან მათ თანაგუნდელებს და კონკრეტულად ხომ არ შეუძლიათ ისაუბრონ იმ ბრალდებებზე, რაზედაც ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში მათი მხრიდან იყო საუბარი,”- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)