ფოთის საზღვაო ნავსადგურის 49-წლიანი იჯარით გაცემასა და ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) შექმნისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი თორმეტმა კომპანიამ წარადგინა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 15 ოქტომბერს ამოიწურა.
განაცხადები შემდეგმა კომპანიებმა წარადგინეს:
- რას ელ-ხაიმას საემიროს სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო;
- Dubai Ports და Jafza-ს თავისუფალი ეკონომიკური ზონა დუბაიში(არაბეთის გაერთიანებული საემიროები);
- International Container Terminal Services (ფილიპინები);
- Ashtrom International (ისრაელი) და Silk Road Group-ის კონსორციუმი;
- CMA CGM (საფრანგეთი);
- LandMark Worldwide (სამხრეთ კორეა);
- Hamburger Hafen und Logistik (გერმანია);
- დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული Hutchison Westports, რომელიც Hutchison Port Holdings Group-ის შვილობილი კომპანიაა;
- HAZER International holding (თურქეთი);
- თურქეთის ექსპორტიორთა კავშირის კოორდინირებით შექმნილი კონსორციუმი (თურქეთი);
- ZIM Ports (ისრაელი);
- დუბაიში დაფუძნებული Momentum Engineering.
საკონკურსო პირობების მიხედვით, ინვესტორმა უნდა განავითაროს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ძირითადი ინფრასტრუქტურა, მოაწყოს აუცილებელი შენობა-ნაგებობები. გამარჯვებული კომპანიის მოვალეობაში შევა ასევე ზონაში საერთაშორისო კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვა ნავსადგურის გაზრდილი ტვირთნაკადით უზრუნვალყოფის მიზნით. ეკონომიკური სამინისტრო გამარჯვებულ კომპანიას ორ კვირაში გამოავლენს.
კონკურსი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) შექმნისთვის ეკონომიკის სამინისტრომ ივლისში გამოაცხადა.
თებერვალში ფოთის პორტს Dubai World-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რათა მისი შესაძლებლობები შეესწავლათ. ფოთის პორტით დაინტერესება რამოდენიმე თვის წინ რას ელ-ხაიმას საამიროს კომპანია Rakeen-მა გამოხატა, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების პროექტებში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამჟამად, ტენდერში ორივე საამიროს – დუბაის და რას ელ-ხაიმას – ინტერესების წარმომადგენელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.
გასულ წელს ფოთის პორტის მეშვეობით 7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 9.1%-ით მეტია 2005 წელთან შედარებით. წელს გადაზიდვა, სავარაუდოდ, 12%-ით გაიზრდება. ფოთის პორტს წელიწადში 25 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის პოტენციალი გააჩნია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)