Site icon Civil.ge

ბაღაფშის თურქეთში ვიზიტი გადაიდო

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კიდევ ერთხელ გადადო თურქეთში ვიზიტი, რომელიც 17 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, იუწყება ”აფსნიპრესი” 16 ოქტომბერს.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას განმარტებით, ვიზიტის გადადების მიზეზი თურქეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება გახდა.


თავდაპირველად ბაღაფშის თურქეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია აპრილში გავრცელდა, თუმცა ვიზიტი მას შემდეგ რამოდენიმეჯერ გადაიდო. ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა თურქეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრები.


ათობით ათასი მუსულმანი აფხაზი გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში კავკასიის მუსულმანთა იმ ერთიანი მიგრაციის პროცესის ფარგლებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნეში.


სწორედ ამ ადამიანების შთამომავლების რეპატრიაცია გახდა აფხაზეთის  ლიდერის სერგეი ბაღაფშისთვის ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი. მან 2005 წელს აფხაზეთში არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში 70 ათასზე ნაკლები ეთნიკური აფხაზი ცხოვრობდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)