რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია ”გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი 23 ოქტომბერს, მოსკოვში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს როგორც საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის გაზმომარაგების, ასევე ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხები, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციასთან, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთთან დააკავშირებს, იტყობინება ”გაზპრომი”.
რუსულმა ენერგო-გიგანტმა ჩრდილოეთ ოსეთში გაზსადენის მშენებლობა გასულ დეკემბერს დაიწყო, რამაც თბილისის პროტესტი გამოიწვია. პროექტს, რომლის ღირებულებაც 15 მლრდ რუბლს (580 მლნ აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს ”პრომგაზი”, ”გაზპრომის” შვილობილის კომპანია ახორციელებს. პროექტს ”გაზპრომი” აფინანსებს.
ძუარიკაუ-ცხინვალის 163-კილომეტრიანი გაზსადენის გამტარუნარიანობა ყოველწლიურად 252.5 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება, აცხადებს ”გაზპრომი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)