თბილისმა ”კეთილი ნება” გამოიჩინა და 25 ოქტომბერს სოხუმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შვიდი აფხაზი მებრძოლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძესა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შორის შეხვედრა ბოლო ერთი წლის მანძილზე პირველად გაიმართა.
”ვფიქრობ, რომ შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო,” – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს სოხუმში, ”სირთულეები, რომელიც იყო, ისევ რჩება და არის პოზიციებში სხვაობა, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებისთვისაც საჭიროა პრაქტიკული შეხვედრები და კონსულტაციები იმ ტიპის, რომელიც დღეს შედგა”.
მისი თქმით, 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების შედეგად დაკავებული შვიდი აფხაზი მებრძოლი 27 ოქტომბერს გათავისუფლდება. ბაქრაძემ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჟან არნოს დახმარება სთხოვა მათი სოხუმისთვის გადაცემის პროცესში.
” ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კეთილი ნების ჟესტია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უდაოდ ხელს შეუწყობს ზოგადად კლიმატის გაუმჯობესებას, რისი მიღწევაც გვსურს ჩვენ,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”ჩვენი კეთილი ნების შედეგად, შემდგომი ორი დღის განმავლობაში, ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შვიდი დაკავებული სამხედრო, რომლებიც ამჟამად თბილისში იმყოფებიან, გათავისუფლდებიან”.
20 სექტემბერს საქართველოს პოლიციურ ძალებთან შეტაკების შედეგად ორი რუსი ყოფილი ოფიცერი, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ აფხაზურ ძალებში, დაიღუპა.
სოხუმში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას ”ჭუბურხინჯის” შეხვედრის სახელწოდებით ცნობილი ოთხმხრივი სხდომების განახლების თაობაზე, განუცხადა სერგეი შამბამ ჟურნალისტებს.
”თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებათა პროცესი ჩვენს შორის დროებით სტაგნაციის სტადიაზე იმყოფება,” – განაცხადა მან. ”ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ წინააღმდეგობასაც. ალბათ კიდევ დიდხანს იარსებებს პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც იქნება საჭირო”.
”ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გალის რაიონში თანამშრომლობა იმისათვის, რომ გაცილებით სტაბილური სიტუაცია იყოს და გაუმჯობესდეს იგი. ჩვენ მივედით საერთო აზრამდე, რომ აუცილებელია განახლდეს ოთხმხრივი შეხვედრები, რომელსაც ყოველთვის გალის რაიონში ვმართავდით. ძირითადში, ყველა საკითხებზე ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთგაგებას, თუმცა არის პატარა დეტალები, რომელსაც ჩვენ უახლოეს ხანებში ასევე დავარეგულირებთ,” – დასძინა შამბამ.
ე.წ. ”ჭუბურხინჯის შეხვედრები” – რომლებიც გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ტარდება – 2006 წლის ნოემბრიდან შეწყდა. შეხვედრებზე, რომელშიც ქართული და აფხაზური მხარეების გარდა, რუსი სამშვიდობოები და გაეროს დამკვირვებლები მონაწილეობდნენ, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილებოდა.
შამბას და ბაქრაძის შეხვედრა სოხუმში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჟან არნოს ხელშეწყობით შედგა.
თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებები გასული წლის ზაფხულიდან შეწყდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლი დაამყარა და იქ საკუთარი ძალები განათავსა.
ბოლოს აფხაზეთისა და საქართველოს ოფიციალური პირები სოხუმში 2006 წლის სექტემბერში შეხვდნენ. მაშინ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე ამაოდ შეეცადა დაერწმუნებინა აფხაზური მხარე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა განეახლებინა. ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ბოლოს 2006 წლის მაისში, სამწლიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბა, გაეროს ეგიდით უსაფრთხოების; დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების; და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მუშაობს.
მას შემდეგ სოხუმი თბილისთან დიალოგის აღდგენის წინაპირობად ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გაყვანას ასახელებს.
ბაქრაძის სოხუმში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი არ ნიშნავს ”მოლაპარაკებების განახლებას”.
”ეს შეხვედრა განაპირობა გარკვეული საკითხების მოგვარების საჭიროებამ, რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიქმნა და აისახა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში და მეგობართა ჯგუფის რეკომენდაციებში,”- განუცხადა შამბამ ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბარში, ”ამ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილის განხილვა და გადაწყვეტა ჩვენ შეგვიძლია”.
20 სექტემბრის შეტაკებამ თბილისსა და სოხუმს შორის მწვავე რიტორიკა განაპირობა. ზოგიერთი აფხაზი დეპუტატი ზემო კოდორის ხეობაში განთავსებული ქართული ძალების წინააღმდეგ ”უფრო მკაცრი ქმედებებისკენაც” კი მოუწოდებდა და აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას ”ზომიერი, არააგრესიული პოზიციის” გამოც აკრიტიკებდა.
სოხუმში ყოფნის დროს დავით ბაქრაძემ თავისი მიმართვა პრესისადმი ქართულ ენაზე დაიწყო: ”მოგესალმებით ჩემს მშობლიურ ქართულ ენაზე, რომელიც ალბათ დიდი ხანია სოხუმში არ გაუგიათ”.
თუმცა, შემდეგ შემრიგებლური ჟესტის ნიშნად, იგი აფხაზ ჟურნალისტებს აფხაზურ ენაზე მიესალმა: ”ვსარგებლობ შემთხვევით და მოგესალმებით აფხაზურ ენაზე, რომელიც მე არ ვიცი , მაგრამ რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ამ პატივისცემის ნიშნად მე შევეცდები გამართულად წარმოვთქვა მისალმება – მშიბზია,” – განაცხადა მან და შემდეგ რუსულ ენაზე განაგრძო მოლაპარაკებების შედეგებზე საუბარი.
მოლაპარაკებების შემდეგ შამბამ, როგორც თავად უწოდა ”ქართველ კოლეგას”, სოხუმში გასეირნება შესთავაზა. მათ პირველ სკოლას ჩაუარეს, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტამდე ქართულენოვანი იყო. ბაქრაძემ განაცხადა, რომ დაცარიელებული სკოლა ”კონფლიქტის სიმბოლოა”.
”ყველა სკოლაში უნდა დაბრუნდეს ყველა ბავშვი და აღარ არსებობდნენ დახურული სკოლები, აღარ არსებობდნენ ბავშვები, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სკოლებში – სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული და რთული გზა უნდა გავიაროთ,” – აღნიშნა ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)