ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ქართველი ხალხის გვერდით დგას, განაცხადეს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ვაშინგტონში 29 ოქტომბერს აშშ-ს ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრების შემდეგ.
”ჩვენ გვინდა, რომ ყველას, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, ვთხოვოთ, რომ საქართველოს კრიმინალური ხელისუფლების უპისუხისმგებლო მოქმედებების გამო ნუ ეტყვიან ქვეყანას უარს ნატოში გაწევრიანებაზე,” – განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს.
”მოულოდნელი იყო, როდესაც საუბრების დროს თითქმის ყველა კითხულობდა, სინამდვილეში რა მოხდა ზუგდიდის ინციდენტის დროს. ამ დონეზე არიან ისინი ინფორმირებული და არავის არ ჰქონდეს ეჭვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ყოველთვის, დადგება ქართველი ხალხის გვერდში, ოღონდ ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს დემოკრატიული პოტენციალი და 2 ნოემბერს ჩვენ ამას ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს,” – განაცხადა ხიდაშელმა ცალკე კომენტარში, რომელიც ტელეკომპანია ”იმედით” გადაიცა.
”ღრმად და საფუძვლიანად არის შეშფოთებული ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია იმის გამო, რაც ხდება საქართველოში. ისინი თვითონ არიან დაინტერესებული, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს, დაინტერესებული არიან, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს [საქართველოში],” – განაცხადა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.
”ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერსებულია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიული პროცესების განახლებაში,” – განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ რესპუბლიკური პარტიიდან.
ამ პოლიტიკოსებმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერთან დავით უსუფაშვილთან ერთად 29 ოქტომბერს შეხვედრები გამართა ჰიუდსონის ინსტიტუტში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)