Site icon Civil.ge

რუსმა სამშვიდობოებმა ქართველი პოლიციელები გაათავისუფლეს

რუსმა სამშვიდობოებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა ხუთი დაკავებული პოლიციელი, რომლებიც დღეს სოფელ განმუხურთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, იუწყება ”რია ნოვოსტი” რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის სერგეი ჩაბანის სიტყვებზე დაყრდნობით.


”მთელი ორსაათნახევარი ჩვენ ველოდით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუ ვინ წაიყვანდა პოლიციელებს. საბოლოოდ, მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ინციდენტის ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდა საკითხი. მის გარეშე ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც აშკარად მითითება ჰქონდა მიღებული, არ აპირებდა თავისი წარმომადგენლების წაყვანას”, – განაცხადა ჩაბანმა.


რუსი სამშვიდობოების ინფორმაციით, ხუთი ქართველი პოლიციელის დაკავება და განიარაღება მათი მუქარის გამო მოხდა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამშვიდობოებმა, რომლებიც ”აფხაზეთის ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკით შემოიჭრნენ” ქართველი პოლიციელები სოფელ განმუხურთან მძევლად აიყვანეს. მომხდარის გამო ინციდენტის ადგილზე საქართველოს პრეზიდენტიც ჩავიდა. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)