Site icon Civil.ge

აშშ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას საარჩევნო ბარიერის 7%-დან 5%-მდე შემცირების თაობაზე – ნაბიჯი, რომელიც პარლამენტს ”უფრო წარმომადგენლობითს” გახდის, განაცხადა აშშ-ს პოლიტიკურმა მრჩეველმა ეუთოში სამუელ ლოუჩლიმ.


მან ეს განცხადება 30 ოქტომბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გამოსვლის საპასუხოდ, რომელმაც ძირითადად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. აშშ-ს წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში კონფლიქტებზე ისაუბრა, თუმცა დასკვნაში ის ასევე შეეხო იმ საკითხებსაც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრშია და ორივე მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა.


”არსებობს სხვა სერიოზული სფეროებიც, რომელთაც ყურადღების მიქცევა სჭირდება,” – განაცხადა სამუელ ლოუჩლიმ, ”როგორიცაა წინასწარი დაკავების საკნებში პირობების გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული რეფორმების მიღება და განხორციელება, მომავალი წლის არჩევნების გათვალისწინებით”.


”ამ კუთხით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ და იმ მცდელობების გაგრძელებისკენ, რომლებიც დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას”.


იმავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი 1 ნოემბერს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ დანიელ ფრიდი აშშ-ს და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ”სხვადასხვა საკითხებს” განიხილავს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე.


”იგი მზად არის ყველა საკითხი განიხილოს, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს სურს,” – განაცხადა მაკკორმაკმა, ”უამრავი საკითხია – მათ შორის სამეზობლოში, რუსეთთან დაკავშირებით, ევროპასთან დაკავშირებით, და ეს ვიზიტი სწორედ ამას ემსახურება, რომ ყველა ეს საკითხი იქნას განხილული”. 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)