ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით მიმართა, რათა ”ხალხმა გადაწყვიტოს ვისი პოზიციაა სწორი”.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია, რომელიც გაემიჯნა საპროტესტო აქციებს, არჩევნების აპრილში ჩატარებას უჭერს მხარს.
”თქვენ გაქვთ საშუალება, დანიშნოთ რეფერენდუმი და რეფერენდუმმა გადაწყვიტოს ვისი პოზიცია არის უფრო მართალი – პოზიცია იმისა, რომ გადატანილ იქნას არჩევნები და ჩატარდეს ის შემოდგომაზე, თუ პოზიცია იმისა, რომ არ შევქმნათ პრეცედენტი, რომ 4 წლით არჩეული პარლამენტი არ დარჩეს უფრო დიდხანს, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული და არჩევნები ჩატარდეს აპრილში,”- განაცხადა 5 ნოემბერს გამყრელიძემ პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების მისამართით.
პრეზიდენტ სააკაშვილმა 4 ნოემბერს განაცხადა, რომ კომპრომისი არჩევნების თარიღის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოტანასთან დაკავშირებით არ იქნება და ამის ძირითად მიზეზად მარტში რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი გართულებები დაასახელა. გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს, მათ შორის აპრილში არჩევნების გადმოტანასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილებს ხელისუფლება.
გამყრელიძის თქმით, რეფერენდუმი ერთადერთი გამოსავალია იმ პირობებში, როცა ”გაყოფილია პოზიციები, არ არსებობს დიალოგის რეჟიმი და სიტუაცია პრაქტიკულად ჩიხშია შესული”.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონსტიტუციური მონარქიის შემოღების მხარდაჭერისაკენ, რაც მისი თქმით, ერთადერთი იდეაა, რომელიც შეძლებს ”ერის კონსოლიდაციას და იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)