Site icon Civil.ge

უსუფაშვილი მოსახლეობას თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას არ გაუწიოს წინააღმდეგობა ხელისუფლებას.


Civil.ge-სთვის 8 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის პირობებში თავს იკავებს შეკრებისაგან. მისი თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი შესაძლებელია იმ პირობებში, თუ მათი მხრიდან იქნება გამოსავლის მოძებნის მზადყოფნა. უსუფაშვილის აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება რჩება. 


გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ტექსტს:


”ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ სხვადასხვა ქალაქებში რეპრესიები გაგრძელდა და გრძელდება. გრძელდება ინდივიდუალური რეპრესიები კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც აქტიურობდნენ ამ დღეებში  – ჩვენი პარტიების კოორდინატორები რეგიონების, რაიონების მასშტაბით – მათ მიმართ მიმდინარეობს დაშინება, მუქარა. 


საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან გამომდინარე ჩვენ მოკლებული ვართ საშუალებას საგანგებოდ მივაწვდინოთ ხმა  მოსახლეობას. ამიტომ  ამ სიტუაციაში რასაც ვახერხებთ, რომ ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ არ გაუწიონ წინააღმდეგობა ამ კონტროლიდან გამოსულ ხელისუფლებას, რომელიც უბრალოდ მოქალაქეების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით, გუშინდელი მოვლენების შემდეგ.


ძალიან ბევრ მინისტრს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, პოლიციელებს უკან დასახევი გზა არ აქვთ ისეთი რამ ჩაადენინეს გუშინ.


ჩვენ უნდა მივაღწიოთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის რაც შეიძლება სწრაფად მოხსნას, რათა შემდეგ შევძლოთ საჯარო, ღია საქმიანობა – ხელისუფლებასთან პაექრობა, მოსახლეობასთან ურთიერთობა – ეს არის დღეს მთავარია ამოცანა.


რა გეგმები გაქვთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობებში?


საგანგებო რეჟიმის დროს საჯარო საქმიანობა შეუძლებელია, მაგრამ სხვა საშუალებებით – პირადი კონტაქტებით – ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას.


რა ინფორმაცია გაქვთ დანარჩენი ლიდერების შესახებ?


დაკავებული ვართ იმის გარკვევით, თუ ვინ სად არის, როგორ მდგომარეობაშია.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გუშინ ღამე ლეიბორისტების ოფისში იყო მივარდნა, შეამტვრიეს კარები, ეძებდნენ შალვა ნათელაშვილს. ამბობდნენ, რომ არიან კრიმინალური პოლიციიდან. მეტი ამის შესახებ არაფერი არ ვიცი და შალვა ნათელაშვილის ადგილსამყოფელიც უცნობია ჩვენთვის.


ასევე უცნობია კონსტანტინე გამსახურდიას ადგილსამყოფელი. გოგა ხაინდრავა, მე მგონი, ჯანმრთელად არის, მაგრამ სად არის არ ვიცი. ასევეა ლევან ბერძენიშვილიც.


ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვართ, ვხვდებით ერთმანეთს.


რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს.


ჩვენ ჯერ-ჯერობით ეროვნული საბჭოს ერთიან შეკრებას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს არ გამოიყენოს ხელისუფლებამ რაიმეს პროვოცირებისთვის.


ეროვნული საბჭოს სადმე შეკრებამ ბუნებრივად შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქეების მოსვლა, ხალხს აინტერესებს რა ხდება და კონტროლიდან გამოსული ხელისუფლება ამას ჩათვლის დემონსტრაციად და ისევ ხალხის დარბევით დასრულდება ეს ყველაფერი.


ამიტომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა ერთმანეთთან, მაგრამ სანამ რაღაცეები არ გაირკვევა, არ გვინდა  ხალხის სიცოცხლით გავრისკოთ.


ამასობაში, თუ ვინმეს რაიმე ბერკეტი აქვს ამ ხელისუფლებაზე, შიგნიდან თუ გარედან, ალბათ უახლოეს საათებში და დღეებში უნდა ამოქმედდეს, რათა ცოტა მაინც ჭკუაზე მოვიდნენ. მათი გამოსწორება და გადარჩენა, როგორც პოლიტიკური გუნდისა ეს შეუძლებელია – ხალხი ასეთ რამეს არ პატიობს არავის არსად არასდროს. მაგრამ  როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ხალხის ზურგზე არ გადაიაროს ამან.


რაც შეეხება ხელისუფლების მოწოდებას დიალოგთან დაკავშირებით, რა პოზიცია აქვს რესპუბლიკურ პარტიას?


დიალოგში ვინ რას გულისხმობს ცოტა ძნელი გასაგებია იმიტომ, რომ ამ რეპრესიების ფონზე ესაუბრო ვიღაცას, რომელიც პარალელურად გირტყამს, გაპატიმრებს, ათასგვარ სიბინძურეს ავრცელებს, როგორ უნდა იყოს დიალოგი?


დიალოგი და საუბარი შესაძლებელია, თუკი შეწყდება ეს უმსგავსობა, რეპრესიები და იქნება მზაობა გამოსავლის მოსაძებნად.


რა შეიძლება იყოს ეს გამოსავალი?


ჩვენ სწორედ გამოსავალს ვთავაზობდით ხელისუფლებას. ჩვენ ვიცოდით, რომ ხალხი ამ დონეზე იყო აღშფოთებული და ხალხის მოთმინების ფიალა ავსებული იყო და ამიტომ ვთავაზობდით გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც განმუხტავდა სიტუაციას.


მე ვთვლი, რომ ისევ ეს რჩება ყველაზე უფრო ოპტიმალურ გამოსავლად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)