დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები მოწმის სახით დაიბარებენ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომელთა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრები შსს-მ 7 ნოემბერს გამოაქვეყნა.
შსს-მ გაავრცელა მასალა, სადაც წარმოდგენილია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის, რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის და თანასწორობის ინსტიტუტის გიორგი ხაინდრავას საუბრები იმ ადამიანებთან, რომლებიც შსს-ს ცნობით ”რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ოპერატიული მუშაკები იყვნენ”.
”საუბარია, რომ მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ეს პირები და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული,”- განუცხადა კალანდაძემ 8 ნოემბერს Civil.ge-ს, ”თუმცა, ბუნებრივია, ყველა მათგანი ერთ ქვაბში არ მოიხარშება”.
კალანდაძის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავები სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)