ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება
შეთქმულების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, განაცხადა, რომ ის ”სერიოზულად
ფიქრობს” საქართველოს პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
”რაც შემეხება მე, ეს არის ყველაზე სერიოზული პასუხისმგებლობა და მე სერიოზულად
ვფიქრობ ამაზე,” – განუცხადა პატარკაციშვილმა 9 ნოემბერს ”როიტერს” წერილობით
პასუხებში ისრაელიდან. ”მე ვფიქრობ, ოპოზიციას ესმის, რომ ახლა, როგორც არასდროს,
ერთობა აუცილებელია. საქართველოს საზოგადოებას სჭირდება ერთიანი კანდიდატი
ოპოზიციიდან”.
ამასობაში, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან
პატარკაციშვილის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, განაცხადა , რომ მის პარტიას
უკვე ჰყავს კანდიდატი. თუმცა, მან უარი თქვა მის დასახელებაზე.
”ერთადერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია ის არის, რომ ეს სიურპრიზი იქნება,” –
განუცხადა ზურაბიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”და ეს არ იქნება ის
პიროვნება, რომელზედაც ხელისუფლება ფიქრობს”.
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერად ბადრი პატარკაციშვილს მოიაზრებს,
რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება დააფინანსოს ოპოზიციის კამპანია.
”როიტერთან” ინტერვიუში პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა: ”ვაპირებ
გამოვიყენო მთელი ჩემი ძალისხმევა და მთელი ჩემი ფული, იმისათვის, რომ კანონის ეს
აღმაშფოთებელი დარღვევები და ტერორი დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში და საბოლოოდ
გაიმარჯვოს დემოკრატიის პრინციპებმა”.
გენერალურმა პროკურატურამ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბადრი
პატარკაციშვილი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ეჭვმიტანილია საქართველოს
ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში. გენპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ
განაცხადა, რომ პატარკაციშვილის გამოძიების ორგანოებში მოწვევის მიზნით ”გატარებული
იქნება კანონით დადგენილი ყველა საპროცესო მოქმედება”.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ჯაშუშობაში და ხელისუფლების
წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დასდეს ბრალი და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი
უცნობია. ხელისუფლების განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია რუსული დაზვერვის
მითითებებით და ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით შეთქმულების მოწყობას გეგმავდა.
ხელისუფლების განცხადებით, ტელეკომპანია ”იმედი” ამ შეთქმულების მზარდამჭერ
საინფორმაცია კამპანიას ეწეოდა. 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედი” დაარბიეს და
შემდეგ დახურეს.
პატარკაციშვილმა ”როიტერს” ასევე განუცხადა, რომ განცხადებები
რუსულ კავშირებზე ”სრული სისულელეა”.
”სააკაშვილი უბრალოდ რეალურად ვერ აფასებს ჩვენ ხალხს. გარეშე მტრის ძებნა
ტიპიური მაჩვენებელია კანონიერი რეჟიმის დიქტატურაში და ავტორიტარიზმში
გადაზრდისა,” – განაცხადა მან.
”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ და ოპოზიციური
პარტიის ”მომავლის პარტიის” ლიდერმა გია მაისაშვილმა უკვე განაცხადეს, რომ 5
იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)