Site icon Civil.ge

ოპოზიცია და ხელისუფლება დიალოგზე თანხმდებიან

10 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება იქნა მიღწეული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გამართვის თაობაზე.


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა და სალომე ზურაბიშვილი – რესპუბლიკელების, კონსერვატორების და საქართველოს გზის ლიდერები, ასევე ”ახალი მემარჯვენეების” და ”მრეწველების” ლიდერები დავით გამყრელიძე და ზურაბ ტყემალაძე მონაწილეობდნენ შეხვედრაში.


ხელისუფლების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.


”დღევანდელი შეხვედრა არ იყო მოლაპარაკებები,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”ეს იყო პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიღება იმ შეხვედრისთვის, რომელიც მოგვიანებით გაიმართება პარლამენტში. ჩვენ ვთქვით, რომ ყველაზე ძირითადი საკითხი განსახილველია. პარლამენტში შეხვედრაზე ჩვენ დავაყენებთ ყველა ამ საკითხს პრიორიტეტების მიხედვით”.


”ქართველმა ხალხმა დაკვეთა მოგვცა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა მოხდა 7 ნოემბერს, მაინც არის დაკვეთა დიალოგისთვის. ჩვენ ამ დაკვეთას ვასრულებთ,” – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.


”ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით დიალოგისკენ და ამისთვის პატრიარქის მადლიერი ვართ,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის ოპოზიციის ოთხი მოთხოვნიდან სამი განიხილოს.


ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია (რომელშიც ახალი მემარჯვენეები და მრეწველები არ შედიან) ოთხ მოთხოვნას აყენებს: პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში – 2008 წლის გაზაფხულზე; არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ; მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე; გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები. 


ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების წინააღმდეგია, თუმცა, პრეზიდენტი სააკაშვილი პლებისციტის ჩატარების ინიციატივით მაინც გამოვიდა, რათა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, თუ როდის სურს არჩევნები.


კანონის თანახმად, პლებისციტი შეიძლება თავად პრეზიდენტმა მოითხოვოს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მის შედეგს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და სავალდებულო ძალა არ გააჩნია.


10 ნოემბერს გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების საკითხი ”ფაქტიურად გადაწყვეტილია”. თუმცა, მისი თქმით, მისი გაშვების ვადები კვლავ გადასაწყვეტია. ტყემალაძის თქმით, ბათიაშვილი ღირსეულად უნდა გამოუშვან.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულმა წინასწარმა შეხვედრამ უკვე გამოკვეთა დაგეგმილი მოლაპარაკებების ფორმატი. როგორც ჩანს, პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაში ხუთი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიები  ამ პროცესს მიღმა დარჩებიან.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)