ოპოზიციის და მმართველი პარტიის ლიდერები მიესალმნენ დიალოგის დაწყებას და პირობა დადეს, რომ ორშაბათს განაგრძობენ მოლაპარაკებებს კონკრეტული საკითხების მოგვარების მიზნით.
”შეხვედრაზე ჩვენ განვსაზღვრეთ იმ პრობლემებათა ნუსხა, რომელთა დაუყონებლივ მოგვარებაა საჭირო,” – განაცხადა რეპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შედეგები მიღწეული არ არის, თავად ფაქტი, რომ მოლაპარაკებები ორსაათნახევარი გაგრძელდა მიანიშნებს იმაზე, რომ შეხვედრა მხოლოდ ფორმალობა არ იყო”.
უსუფაშვილთან ერთად შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კონსერვატორების ლიდერი კახა კუკავა, საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, მრეწველთა ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და მამუკა კაციტაძე და დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეებიდან.
ხელისუფლების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, დეპუტატი გიგა ბოკერია და უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე.
”ჩვენი პოზიციები ზოგიერთ საკითხზე დაახლოვდა, თუმცა ბევრი პრობლემა განსახილველი რჩება და იმედი მაქვს, რომ ყველა ძირითად პრობლემას მოვაგვარებთ – საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან დაწყებული საარჩევნო საკითხებით დამთავრებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე – დროის მოკლე პერიოდში,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
”კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, ”თუმცა, თავისთავად პოზიტიურია, რომ დიალოგი დაიწყო. ჩვენ დავაყენეთ საგანგებო მდგომარეობასთან და მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები”.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ დიალოგის დაწყება ”ძალიან დადებითი” ნიშანია.
”მომავალი არჩევნები ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელიც ოპოზიციამ დააყენა,” – განაცხადა ბურჯანაძემ მოლაპარაკებების შემდეგ. ”მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარება და როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური კანდიდატებისთვის თანაბარი პირობები ვუზრუნველყოთ”.
მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ”რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი” გამოაგზავნონ არჩევნებზე, რომელიც 5 იანვარსაა დაგეგმილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)