ტელეკომპანია ”იმედის” დარბევასთან და მისი აღჭურვილობის განადგურებასთან დაკავშირებული პრეტენზიების მოგერიების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ნოემბერს გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია სამი ევროპელი დიპლომატის სტუმრობა ტელეკომპანიის ოფისში, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად.
შსს-ს პრესსამსახურის მიერ გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვა, ნაჩვენებია ”იმედის” სტუდია და ზოგიერთი აღჭურვილობა, მათ შორის სტუდიის ვიდეოკამერა.
ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ათვალიერებენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე ტელეკომპანიის ოფისს.
ვიდეოჩანაწერის გავრცელება მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპელი დიპლომატებისთვის.
”არ მინდოდა ჩვენ სამის ”იმედში” სტუმრობის საკითხის წინ წამოწევა, მაგრამ რადგანაც ტელევიზიით უკვე აჩვენეს ეს ვიდეოჩანაწერი, თქვენი [მიმართა ჟურნალისტს] შეკითხვა გამართლებულია,” – განაცხადა სემნებიმ 11 ნოემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის ფრთხილ განცხადებაში ამ სტუმრობის შთაბეჭდილებების შესახებ, სემნებიმ განაცხადა:
”ჩვენ არ ჩაგვიტარებია რაიმე ტექნიკური ექსპერტიზა და არც ტექნიკური ექსპერტები გვახლდნენ,” – განაცხადა მან, ”რაც დავინახეთ, ის იყო, რომ შენობა სუფთა და დალაგებული იყო, თუმცა ამავე დროს შეინიშნებოდა იმ უწესრიგობის კვალიც, რომელიც შსს-ს თანამშრომლების შენობაში შესვლის შედეგად დარჩა”.
პიტერ სემნებიმ ასევე განაცხადა, რომ არც შენობის მიმართ მიყენებული ზიანი ჩანდა გარეგნულად, თუმცა ”ეს არ ნიშნავს, რომ მე გამოვრიცხავ, რომ ასეთი ზიანი მიაყენეს კარებებს, ფანჯრებს და ასე შემდეგ, დარბევის დროს”.
”ჩვენ არ გვინახავს დაზიანებული აპარატურა, თუმცა, როგორც მე ვთქვი, ზოგიერთი აპარატურა აკლდა და ტექნიკური აღჭურვილობის უმეტესობა გათიშული იყო,” – განაცხადა მან.
News Corporation-მა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლიციის მიერ ტელეკომპანიის დარბევამ სერიოზული ზიანი მიაყენა ტელევიზიის აღჭურვილობას, რის შედეგადაც ტელეკომპანია სამი თვის მანძილზე ვერ შეძლებს მუშაობის განახლებას.
”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ არსებობს ფოტოები, სადაც აღბეჭდილია ის ზიანი, რომელიც პოლიციის რეიდმა ტელეკომპანიას მიაყენა.
”მიუხედავად იმ ვიდეოჩანაწერისა, რომელიც გაუშვეს, სადაც თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ჩვენ გვაქვს ფოტოები, სადაც აღბეჭდილია ის სერიოზული ზიანი, რომელიც ტელეკომპანიას მიაყენეს დარბევის დროს. მათ [ხელისუფლებამ] ისე გააპრიალეს ოფისი, როგორც არასდროს ყოფილა ჩვენი მუშაობის დროსაც კი,” – განუცხადა ბარათაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 11 ნოემბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)