ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგში ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენისა და ”პოლიტიკური რეპრესიების” შეწყვეტის საკითხს აყენებს. იმავდროულად, ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვს.
”იმედი” და პოლიტიკური რეპრესიები იქნება მთავარი თემა,”- განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა Civil.ge-ს 12 ნოემბერს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრის წინ, ”ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს ხელისუფლების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი შევა ჩიხში და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება გახდება შეუძლებელი”.
ხუთი ოპოზიციური პარტიის – რესპუბლიკელების, კონსერვატორების, საქართველოს გზის, ახალი მემარჯვენეების და მრეწველების – ლიდერების შეხვედრა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან პარლამენტში დღეს საღამოს გაგრძელდება მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მათ შორის დიალოგის პირველი რაუნდი გაიმართა.
”თუ არ აღდგება ”იმედის” მაუწყებლობა, მე პირადად, ამ დიალოგის გაგრძელებაში აზრს ვერ ვხედავ”, – განაცხადა დღეს დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხებს პასუხი გასცეს. ”და ასევე ველოდებით, რომ მათაც მოიტანონ ის პასუხები, რომლებიც ჩვენ დავსვით,”- განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს მაჭავარიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)