რუსეთმა დღეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და დამატებით 200-მდე სამხედრო, ძირითადად ჩეჩენი წარმოშობის მოსამსახურე განათავსა, განაცხადა დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
”ეს არის პირდაპირი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ვითარების ესკალაციას აფხაზეთში და იქ კონფლიქტის პროვოცირებას,”- განაცხადა ბაქრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ”როგორც ჩანს, ზოგიერთებმა რუსეთის ფედერაციაში ჩათვალეს, რომ საქართველო არის დასუსტებული და რომ ამ სიტუაციაში მათ დაუდგათ საუკეთესო მომენტი, რათა რეალურად განახორციელონ ის, რისკენაც ამდენი წელია მიმართული რუსული პოლიტიკა”.
”მე მინდა კატეგორიულად გავაფრთხილო ყველა: ნებისმიერი გაზრდა რუსული სამხედრო ყოფნის აფხაზეთში არის კატეგორიულად მიუღებელი და მას მოყვება ძალიან მძიმე პასუხი და მძიმე შედეგები. ქართული სახელმწიფო არ დასუსტებულა და გასცემს შესაბამის პასუხს ყველანაირ მცდელობა მოხდეს მისი ტერიტორიის ნაწილის უკანონო ოკუპაცია და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შემოყვანა,”- განაცხადა ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)