ოპოზიური პარტიების ერთი ნაწილი ”რადიკალურ მოთხოვნებს” აყენებს, რამაც შეიძლება ჩაშალოს მოლაპარაკებები, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან.
”ოპოზიციური პარტიების ნაწილი კვლავ ულტიამატუმების ენით საუბრობს,” – განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, ჟურნალისტებს 15 ნოემბერს ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ”როგორც ჩანს, ოპოზიციის ამ ნაწილს მოლაპარაკებების ჩაშლა სურს. მათი მოთხოვნები სულ უფრო და უფრო რადიკალური ხდება ჩვენი კომპრომისების პარალელურად”.
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და დეპუტატები გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი 15 ნოემბერს ოთხი ოპოზიციური პარტიის – კონსერვატორების, რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეების და მრეწველების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ.
”ოპოზიციის ნაწილში” მიხელ მაჭავარიანი, სავარაუდოდ, გულისხმობდა კონსერვატორებს და რესპუბლიკელებს, რომლებიც ცხრა პარტიისგან შემდგარი კოალიციის წევრები არიან.
მხარეებს შორის ძირითადი უთანხმოება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს უკავშირდება.
მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) მმართველ პარტიას 7, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს (ახალი მემარჯვენეები, მრეწველები, ლეიბორისტები, პარტია თავისუფლება, რესპუბლიკელები, კონსერვატორები) 6 წარმომადგენელი ეყოლებათ. ხოლო საუბნო კომისიის დონეზე მხოლოდ ახალი მემარჯვენეები და მრეწველები იქნებიან წარმოდგენილები მმართველი პარტიის წევრებთან ერთად.
ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველები მეტ-ნაკლებად იზიარებენ საარჩევნო ადმინისტრაციებზე ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ვარიანტს. თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიები ამის წინააღმდეგ გამოდიან.
”ამჟამად ჩიხში შევედით,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორებიდან შეხვედრის შემდეგ, ”თუმცა, დიალოგი გაგრძელდება”.
ამავდროულად, პარლამენტმა 15 ნოემბერს, ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა დაიწყო. თუმცა, ეს ცვლილებები არ შეიცავს იმ საკითხებს, რომლებიც ოპოზიციასთანაა შესათანხმებელი.
”ეს ცვლილებები მხოლოდ იმ საკითხებს შეიცავს, რომლებზეც შეთანხმება მიღწეულია [ოპოზიციასთან], მათ შორის ის ინიციატივა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გვეყოლება,” – განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, ”საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ზუსტი წესი, მათ შორის ისეთი საკითხები, თუ რამდენი წევრი შეიძლება დასახელდეს პარტიების მიერ, მოგვიანებით იქნება განხილული”.
ამჟამად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც, კანონის თანახმად, უპარტიოები უნდა იყვნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)