ტელეკომპანია “იმედი” გამოყენებულ იქნა, როგორც “მთავარი საშუალება” საპროტესტო აქციების მოსაწყობად, რომელიც თანდათან კონტროლიდან გამოვიდა და “ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობის რეალური საფრთხე შექმნა”, განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამ განცხადების გამოქვეყნებით სასამართლო შეეცადა აეხსნა, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება იმედის სამაუწყებლო ლიცენზიის და მისი შენობის დაყადაღების შესახებ.
მისი თქმით, გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაეყადაღებინა ტელეკომპანია იმედის აქტივები და აეკრძალა მისი მფლობელისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის გამოყენება და მართვა.
“იმ საფუძვლით, რომ საქართველოს დედაქალაქში შექმნილი იყო მასობრივი არეულობა… გამოძიების ვარაუდით, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ აღნიშნულ პროცესებს შეიძლება მიეღო კიდევ უფრო მძიმე და უმართავი ხასიათი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით,” – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.
“ამასთან, არსებობდა საკმარისი მონაცემები და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნებოდა ამ მიზნის [ხელისუფლების ჩამოგდების] მისაღწევად,” – ნათქვამია განცხადებაში, “ამ ვარაუდს ამყარებდა ის გარემოება, რომ სწორედ ტელეკომპანია “იმედი” იყო გამოყენებული, როგორც მთავარი საშუალება იმ აქციების ორგანიზებისათვის, რომლებმაც მიიღეს უკონტროლო ხასიათი, შექმნეს დედაქალაქში მასობრივი არეულობა და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობის აშკარა და რეალური საშიშროება… არკადი [ბადრი] პატარკაციშვილმა, როგორც შეთქმულებაში მონაწილემ, 2007 წლის 7 ნოემბერს, სწორედ მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი “იმედის” საშუალებით გააკეთა განცხადება”.
7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედმა” წაიკითხა პატარკაციშვილის წერილობითი განცხადება, რომელშიც ის აცხადებდა, რომ არ დაიშურებდა საკუთარ რესურსებს საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან გასათავისუფლებად.
“ამან შექმნა მყისიერი და რეალური საფრთხე ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა, რაც წარმოადგენდა დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი არეულობის კიდევ უფრო გააქტიურების წაქეზებას,” – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და დაავალა შესაბამის ორგანოებს მისი სისრულეში მოყვანა. “სათანადო ორგანოებისათვის ბრძანების ასლების გადაცემა დაევალა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, რომელსაც ბრძანების ასლი გადაეცა 2007 წლის 7 ნოემბერს 20:05 საათზე,” – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.
ტელეკომპანია იმედი 7 ნოემბერს საღამოს 9 საათზე გაითიშა პოლიციის მიერ მისი ოფისის დარბევის შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობას მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, 13 ნოემბერს გადაეცა.
News Corporation –ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ პომპადურმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ “იმედის” წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები “სასაცილოა”.
“ვინაიდან News Corporation –ი უკვე წელიწადზე მეტია, რაც “იმედის” პარტნიორია, News Corporation–ის დირექტორი ლუის რობერტსონი “იმედის” აღმასრულებელი დირექტორი გასული წლიდან გახდა და News Corporation-მა 2007 წლის 31 ოქტომბრიდან სრული კონტროლი დაამყარა იმედის მართვაზე. ამის ფონზე “იმედის” დადანაშაულება ნიშნავს News Corporation –ის დადანაშაულებას,” – იტყობინება სააგენტო ფრანს-პრესი (AFP) პომპადურის სიტყვებზე დაყრდნობით, “იმის თქმა, რომ News Corporation რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებაში მონაწილეობს, სრულიად აბსურდულია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)