საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის მოტივით ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია სამი თვით შეუჩერა. ამავდროულად, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 16 ნოემბერს დოკუმენტური ფილმი გაუშვა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან “იმედის” წინააღმდეგ მიმართული კამპანიის აშკარა ნაწილი იყო.
საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ”იმედისთვის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების თაობაზე 8 ნოემბრითაა დათარიღებული; თუმცა, ინფორმაცია ამის თაობაზე მხოლოდ 16 ნოემბერს გავრცელდა. ხმები კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე პირველად 9 ნოემბერს გაჩნდა, თუმცა კომისიამ ეს იმავე დღეს კატეგორიულად უარყო.
კომუნიკაციის ეროვნული კომისიის განცხადებით, 7 ნოემბერს საღამოს 8 საათზე ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა “აშკარა დეზინფორმაციული ხასიათის ცნობა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს განზრახული აქვთ სამების საკათედრო ტაძარში შეჭრა.”
”აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ შექმნა დედაქალაქში შექმნილ მასობრივ არეულობათა საერთო სახალხო მღელვარებაში გადაზრდის მყისიერი და რეალური საფრთხე, რასაც შესაძლებელია გამოეწვია პროცესების უმართავი ხასიათი და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა,” – ნათქვამია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაში.
ტელეკომპანია “იმედს” მაუწყებლობის ლიცენზია 7 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ასევე შეუჩერა თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ “იმედი” გამოყენებულ იქნა, როგორც მთავარი საშუალება საპროტესტო აქციების მოსაწყობად, რომელიც თანდათან კონტროლიდან გამოვიდა და “ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობის რეალური საფრთხე შექმნა”. სასამართლოს გადაწყვეტილება “იმედის” ხელმძღვანელობას ექვსი დღის დაგვიანებით, 13 ნოემბერს გადაეცა.
16 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა სატელეფონო საუბრები ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილსა და “იმედის” წამყვან გიორგი თარგამაძეს და ასევე ტელეკომპანიის პროდიუსერსა და ჟურნალისტს შორის.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს სატელეფონი საუბრები ადასტურებს ხელისუფლების ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ პატარკაციშვილი, ერთი მხრივ, “იმედის სარედაქციო პოლიტიკას აკონტროლებდა” – მიუხედავად იმ განცხადებისა, რომ მართვის უფლება News Corporation-ს გადასცა – და მეორე მხრივ, ამ ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ პატარკაციშვილი ტელეკომპანიის საშუალებით არეულობის პროვოცირებას ცდილობდა.
სატელეფონო ჩანაწერში ბადრი პატარკაციშვილი ეკითხება გიორგი თარგამაძეს, თუ რა ხდებოდა თბილისში საპროტესტო აქციების დროს. “ბევრი ხალხი მოვიდა,” – პასუხობს თარგამაძე, “მოედანი სავსეა ხალხით”.
მეორე სატელეფონო ჩანაწერში ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი პროდიუსერი სოფო ჭაავა ჟურნალისტ ეკა ქადაგიშვილს ესაუბრება. ჭაავა ეუბნება ქადაგიშვილს, რომ 7 ნოემბრის არეულობამდე რამდენიმე დღით ადრე მან გაიგო, როგორ საუბრობდნენ გიორგი თარგამაძე, ჟურნალისტი თეა ადეიშვილი და პროდიუსერი ლევან ვეფხვაძე დაგეგმილი არეულობების და მოვლენების 9 აპრილის მსგავსად განვითარების შესახებ.
“ამ ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, რომ ტელეკომპანია “იმედი” იყო იარაღი პატარკაციშვილის ხელში, რომლის საშუალებითაც მას უნდოდა შეექმნა სიტუაცია, რომელიც 9 აპრილის მოვლენების მსგავსი იქნებოდა,” – განაცხადა გვარამიამ.
ადეიშვილმა და ვეფხვაძემ უარყვეს, რომ მსგავსი საუბარი ჰქონდათ თარგამაძესთან.
იმავდროულად, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 16 ნოემბერს ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი გაუშვა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში “იმედის” როლს ეხება. ფილმი ძირითადად გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას ინტერვიუზეა აგებული და ამ საკითხზე მხოლოდ ხელისუფლების ხედვას ასახავს, სადაც საწინააღმდეგო მოსაზრება არ არის გადმოცემული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)