Site icon Civil.ge

საქართველო დემოკრატიის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანააყველა კრიტერიუმით, რომელიც აკმაყოფილებს დემოკრატიას”.


”საქართველოში არის აქტუალური და აქტიური ოპოზიცია, რომელსაც აქვს სრული თავისუფლება გამოხატოს თავისი აზრი; საქართველოში ტარდება თავისუფალი არჩევნები და მორიგი თავისუფალი არჩევნები ჩატარდება 5 იანვარს,” – განაცხადა სააკაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.


”საქართველოში არის დემოკრატია არა მხოლოდ უმაღლეს დონეზე, არამედ სკოლის საბჭოების არჩევის დონემდეც კი ჩვენ გვაქვს დემოკრატიული ქვეყანა. სკოლის საბჭოები ირჩევენ, პრაქტიკულად, დირექტორებს,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ამავე დროს საქართველოში წარმოდგენილია ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებები. საქართველო არის მრავალ ეთნიკური ქვეყანა, ამ მხრივ ჩვენ თურქეთს ვგავართ და ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ თურქეთიდან ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის, ტოლერანტულობის, შემწყნარებლობის და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით”. 


მისი თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა საჭირო გახდა, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის ”დემოკრატიული სისტემა ექსტრემიზმისგან, რადიკალიზმისგან და ძალადობისგან”.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე თურქი დამკვირვებლების ჩამოსვლის საკითხი.


თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ ”საქართველომ დაამტკიცა, რომ დემოკრატიას ქვეყანაში სერიოზულად აქვს ფესვები გადგმული”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)