Site icon Civil.ge

სააკაშვილი მიესალმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე თურქეთის სწრაფ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ”ბევრი ევროპული სახელმწიფოსგან” განსხვავებით, თურქეთმა შეძლო საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების სწრაფად გაფორმება, ”ბიუროკრატიული ბარიერების” მოხსნის გზით.


ქართულმა და თურქულმა მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და ასევე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას 21 ნოემბერს თბილისში მოაწერეს ხელი.


”მე მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ გიულს, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრ [რეჯეპ ტაიპ] ერდოგანს ძალიან გაბედული, ძალიან თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის იმ საკითხის, რომლის გადასაწყვეტადაც ბევრ ევროპულ ქვეყანას სჭირდება ხოლმე ათწლეულები,”- განაცხადა სააკაშვილმა თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ”თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფი გაფორმება იყო პირადად პრეზიდენტ გიულის პირდაპირი ინიციატივა და მისი უშუალო ჩარევით მოხდა ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის მოხსნა”.


თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2007 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან გაორმაგდა და 387 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.  


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება დაეხმარება ქართველ მეწარმეებს, ძირითადად მათ, ვინც სოფლის მეურნეოების სფეროში მუშაობენ, გაზარდონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი თურქეთში.  
 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)