საქართველოს ხელისუფლებაში არსებობს მზაობა, რომ ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა დეკემბრის დასაწყისში განაახლოს, განაცხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა მიკლოს ჰარაციმ 23 ნოემბერს თბილისში.
”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება პლურალიზმის დროულად აღდგენას სამაუწყებლო სივრცეში, პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე,” – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, ”დიდი იმედი მაქვს, რომ დეკემბრის დასაწყისში სიტუაცია ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება”.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ 5 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ”მედია საშუალებების სრული პლურალიზმის პირობებში უნდა განხორციელდეს”.
”მე ვხედავ ხელისუფლების მზადყოფნას დაეხმაროს ყველა ტელეკომპანიას მაუწყებლობის განახლებაში,” – განაცხადა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს სამართლებრივი პროცედურების გამო.
ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა 7 ნოემბერს შეწყვიტა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი შენობა დაარბია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”იმედს” ლიცენზია სამი თვით დაუყადაღა ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღევის მოტივით.
ცალკე გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელმაც ასევე შეუჩერა ”იმედს” ლიცენზია. 7 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია გამოყენებულ იქნა მისი მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის მიერ როგორც ”მთავარი საშუალება” საპროტესტო აქციების მოსაწყობად, რომელიც თანდათან კონტროლიდან გამოვიდა და “ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობის რეალური საფრთხე შექმნა”.
ეუთოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის დახურვა იყო ”უჩვეულო” ფაქტი. ”ის უჩვეულოა არა მხოლოდ იმის გამო, რომ ნებისმიერი ტელევიზიის დახურვა არის უჩვეულო ნებისმიერი ქვეყნის სტანდარტებით, არამედ უჩვეულოა საქართველოს რეპუტაციასთან მიმართებაში – საქართველო არის რეგიონში სატელევიზიო პლურალიზმის მქონე ქვეყანა, რაც ძალიან იშვიათი სიტუაციაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში,” – განაცხადა მან.
მიკლოს ჰარაცი ”იმედის” საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელთან პიტერ სემნებისთან ერთად ესტუმრა თბილისს.
ვიზიტის ფარგლებში ჰარაცი და სემნები უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს და დეპუტატ გიგა ბოკერიას. ასევე გაიმართა შეხვედრები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან – თინა ხიდაშელთან რესპუბლიკელებიდან, კახა კუკავასთან კონსერვატორებიდან და კობა დავითაშვილთან ხალხის პარტიიდან, ასევე ტელეკომპანიების ”იმედის”, ”რუსთავი 2”-ის, ”კავკასიის”, აჭარის ”25 არხის” (ეს არხი ასევე დაიხურა საგანგებო მდგომარეობის დროს) და გაზეთ ”რეზონანსის” წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)