მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება გაიზარდა და ეს ტენდენცია დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ 23 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას.
დღეს მმართველი პარტიის ათასობით დელეგატი შეიკრიბა ყრილობაზე, სადაც მოსალოდნელია, რომ მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რიგგარეშე არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებენ. ყრილობას ქართული ტელეკომპანიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ.
პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მოკავშირემ გიგი უგულავამ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმის საჭიროებაზე, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის პროგრესი, რომელსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიაღწია ქვეყანამ – როგორც ჩანს, სწორედ ეს მიმართულება იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ქვაკუთხედი.
”ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ არის უიმედობის გადალახვა. გადალახვა იმისა, რომ ის ყველაფერი რაც აქამდე გაკეთდა და რაც აწი გაკეთდება უნდა აისახოს თითოეულ ჩვენთაგანზე,”- განაცხადა უგულავამ, ”ეკონომიკის ზრდასთან ერთად გაიზარდა განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის და ეს ტენდენცია ჩვენ თუ არ შევაჩერეთ, შეიძლება ჩვენი საზოგადოება სოციალურ ნიადაგზე გახლეჩის პირას აღმოჩნდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს”.
”დღეს სააკაშვილის მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს მხარდაჭერას”, – განაცხადა უგულავამ.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ (რომელიც არ არის მმართველი პარტიის წევრი) განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ახლა დროა მეტი ყურადღება სოციალურ პრობლემებზე გამახვილდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა: ”თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ [ხელისუფლება] ვმუშაობთ თითოეული ადამიანის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის”.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმ მტკივნეულმა, თუმცა საჭირო რეფორმებმა, რომლებიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა და რომელთაც გარკვეული შეცდომებიც ახლდა თან, არ უნდა დაჩრდილოს ”ვარდების რევოლუციის” მნიშვნელობა.
მმართველი პარტიის ყრილობა 23 ნოემბერს – ვარდების რევოლუციის ოთხ წლის თავზე იმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)