”იმედის” თოქ-შოუების წამყვანებმა ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ ტელეკომპანიის დატოვების თაობაზე განცხადებები გააკეთეს.
”მე ვიწყებ თანამშრომლობას დამოუკიდებელ ტელესტუდიასთან და ჩვენი გადაცემები გავა სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში: ”რუსთავი 2”-ზე, ”მზე”-ზე და იმედი მაქვს, რომ ”იმედზე”, როცა მისი მაუწყებლობა აღდგება,”- განაცხადა გრიგოლიამ.
ინგა გრიგოლიას პირველი პროექტი იქნება ინტერვიუ პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომლის ჩაწერაც 24 ნოემბერს იგეგმება. ინტერვიუ ”რუსთავი 2”-ზე გავა.
”მე აუცილებლად დავიწყებ ინტერვიუს პრეზიდენტთან ”იმედის” დარბევით და დავასრულებ სანდრო გირგვლიანის თემაზე კითხვით,”- განაცხადა მან.
გრიგოლიას თქმით, მისი ”იმედიდან” წამოსვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მას დებატების წაყვანის შესაძლებლობა არ ჰქონდა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ”იმედზე” დებატებში მონაწილეობაზე.
”მე მივიღე გარანტია, რომ ჩემს გადაცემებში დებატების ფორმატში ორივე მხარე იქნება წარმოდგენილი და ის არ იქნება მიკერძოებული არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიმართ”, – განაცხადა გრიგოლიამ.
რაც შეეხება ეკა ხოფერიას, მან რამდენი დღის წინ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ჩამოცილდეს ტელეჟურნალისტიკას და ჟურნალისტური საქმიანობა მხოლოდ რადიო ”უცნობში” განაგრძოს. მას აქამდეც მიჰყავდა რადიოში თოქ-შოუ ”დიალოგები”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)