25 ნოემბერს აქციის ათასობით მონაწილე მას შემდეგ დაიშალა, რაც მათ ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის მოთხოვნით სამსაათიანი მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართეს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად რიყეზე შეიკრიბნენ და შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს – ორივე ეს ადგილი 7 ნოემბრის აქციების დაშლის ეპიცენტრი იყო, რომლის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა პოლიციის სპეცრაზმელების მიერ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების, ხელკეტების და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად. 7 ნოემბერსვე შეიჭრა სპეცრაზმი ”იმედში”, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.
”ეს უნდა იყოს ხელისუფლების გაფრთხილება. ჩვენი აქ ყოფნა მიუთითებს, რომ რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენონ, ხელისუფლება ჩვენს დატერორებას ვერ შეძლებს,”- განაცხადა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
”ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს, თუ ტელეკომპანია და რადიო ”იმედი” არ განაახლებენ მომდევნო დღეებში მაუწყებლობას,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
იმავდროულად, 25 ნოემბერს პრეზიდენტობიდან გადამდგარმა სააკაშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ”იმედი” იმის გამო დაიხურა, რომ ხელს უწყობდა ქვეყანაში არეულობას და ამით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)