Site icon Civil.ge

ლავროვი თბილისის ანტირუსულ პოლიტიკაზე, კოსოვოს პრეცედენტზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ვერ აღიქმება ვერც ”მეგობრული ნაბიჯებად” და ვერც ”თავშეკავებულ ქმედებებად”, არამედ ”ეს ღია ანტირუსული ხაზია”.


”ეს ხაზი სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი ჩავარდნა როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში. და ჩავარდნები ნორმალური ურთიერთობების დამყარებაში სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან,”- აცხადებს სერგეი ლავროვი ჟურნალ ”იტოგისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ 26 ნოემბერს გამოაქვეყნა.


საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო დროს თბილისში გამართული საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ იყო მართული ხელისუფლების დამხობის მიზნით, რომელსაც აფინანსებდა ტელეკომპანია ”იმედის” თანამფლობელი, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. იმავდროულად, თბილისმა ცოტა ხნის წინ დაადანაშაულა მოსკოვი აფხაზეთში დამატებითი ძალების შეყვანასთან დაკავშირებით.


მისი თქმით, ”გარკვეული წრეები თბილისში” სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარებისთვის ემზადებიან. ”ის, რომ გარკვეული წრეები თბილისში ამისთვის ემზადებიან, ეჭვსაც არ იწვევს იმ შეიარაღების ოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო ფარულად თუ ღიად ყიდულობს,”- აცხადებს ლავროვი.


ინტერვიუში ლავროვი ხაზს უსვამს, რომ მას არაერთხელ აუხსნია ქართველი კოლეგისთვის გელა ბეჟუაშვილისთვის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის.


”რაღაც მომენტში ჩვენ ასევე გადავეცით აუცილებელ ნაბიჯთა ნუსხა, რომელიც უნდა გადაედგა საქართველოს. ეს იყო ანტირუსული რიტორიკის მიუღებლობა, უარის თქმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტების ძალისმიერ მოგვარებაზე,” – განაცხადა ლავროვმა,


ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, ლავროვის განცხადებით,  ქართველი პოლიტიკოსები ამას მორიგი პროვოკაციებით პასუხობს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა 6 აგვისტოს სარაკეტო ინციდენტი, რომელიც მისი თქმით, კვლავაც გამოსაძიებელია.


”სხვათაშორის, ეს საქმე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული, მიუხედავად ჩვენი წინადადებებისა მივიყვანოთ ის ბოლომდე და რაც მთავარია, გავაკეთოთ ეს სამართლიანად,”- აცხადებს ლავროვი.


13 ექსპერტისგან შემდგარმა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა შვიდი ქვეყნიდან (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები) მხარი დაუჭირა თბილისის ვერსიას ინციდენტის თაობაზე, განაცხადა რა, რომ სულ ცოტა ერთი საფრენი აპარატი შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციიდან და ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა ჩამოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, რუს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ინციდენტი თბილისმა მოსკოვის დისკრედიტაციის მიზნით დადგა.


ჟურნალისტის კითხვაზე, ცნობს თუ არა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს, ლავროვმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ”რუსეთის იმოქმედებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაცრად დაცვით”.


”მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ეს სიტუაცია არ განვითარდება ცალმხრივად კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სცენარით და დამოუკიდებლობის აღიარებით გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების გვერდის ავლით,”- განაცხადა ლავროვმა, ”როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დაუშვებელია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა, ჩვენ სწორედ ეს გვაქვს მხედველობაში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ცალმხრივი ქმედებები კოსოვოსთან მიმართებაში ქმნის პრეცედენტს, ვმოქმედებთ სწორედ ისე, რომ არ დავუშვათ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ამგვარი პრეცედენტი. ჩვენ მშვენივრად გვესმის, თუ როგორი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან სხვა არაღიარებული ტერიტორიებისათვის”.


24 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტს ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კოსოვოს პრეცედენტი და რუსეთის მცდელობა სხვა კონფლიქტებზეც გავრცელდეს ეს გადაწყვეტა ”სერიოზულ საფრთხეს” წარმოადგენს საქართველოსთვის.


სააკაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კოსოვოს სტატუსის განსაზღვრა გადაიდება და არ დაემთხვევა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აპრილამდე გადაიწევს,”- აღნიშნა მან.


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ აღიარება საქართველოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.


 


 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)