Site icon Civil.ge

სერგეი ჩაბანს სამშვიდობოთა მეთაურის მანდატი გაუგრძელეს

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდალს სერგეი ჩაბანს დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭომ მანდატი გაუგრძელა, იუწყება ”რია ნოვოსტი” 27 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


30 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაბანი ”არასასურველ” პერსონად განმუხურში რუს სამშვიდობოებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამოაცხადა და მისგან საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოითხოვა.


”ჩვენ მას [ჩაბანს] მანდატი გავუგრძელეთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში ახალი კანდიდატურა უნდა მოვძებნოთ”, – განაცხადა სერდიუკოვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს ასტანას სხდომის შედეგებს მიეძღვნა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოები ”მუშაობენ ეფექტურად და თავის ამოცანებს თავს ნორმალურად ართმევენ”.


საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი” იტყობინება სერდიუკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ჩაბანის ჩანაცვლება საჭირო გახდა ”საქართველოს განსაკუთრებული პოზიციის გამო”.


სერგეი ჩაბანი აფხაზეთში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს 2005 წლის აპრილიდან მეთაურობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)