საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დღეს მადრიდში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა და კოლეგებს მიაწვდის უახლეს ინფორმაციას საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მზადების შესახებ.
გელა ბეჟუაშვილი ასევე მოითხოვს ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) წარმომადგენელთა სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნას არჩევნებზე.
საუბარი შეეხება ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის ზონებში შექმნილ ვითარებასა და სამშვიდობო ინიციატივებს.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ ბრიშამბოსთან, ესტონეთის, ლუქსემბურგის, კვიპროსის, ჩეხეთის, ბელგიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მადრიდში ასევე იგეგმება გელა ბეჟუაშვილის შეხვედრა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან დენიელ ფრიდთან.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დსთ-ის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)