Site icon Civil.ge

სტუდია ”მაესტროს” მაუწყებლობა შეწყდა

დამოუკიდებელი ტელესტუდია ”მაესტრო”, რომელიც მხოლოდ თბილისის მასშტაბით მაუწყებლობდა, 28 ნოემბერს გაითიშა.


სტუდია ”მაესტროს” ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა 29 ნოემბერს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მისი ვარაუდით, სტუდიის მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ახალი პროექტი, რომელიც ჟურნალისტიკის პოპულარიზაციას და დემოკრატიული ღირებულებების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.  


”ეს პროექტი – პროფესია ჟურნალისტი – ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ჩვენ უნდა გვეჩვენებინა ჟურნალისტის ყოველდღიური მუშაობა და მეორე ნაწილში ჟურნალისტს უნდა ესაუბრა სტუმართან იმის შესახებ, თუ რა არის დემოკრატია, რა განსხვავებაა საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემებს შორის. ეს უფრო შემეცნებითი პროექტი იყო,” – განაცხადა ღლონტმა.


მან ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ მას დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც მან არ დაასახელა, და ”მეგობრულად ურჩია” არ დაეწყო ეს პროექტი. მამუკა ღლონტის განცხადებით, ის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან აპირებს შეხვედრას სიტუაციის გარკვევის მიზნით.


”მაესტროს” მაუწყებლობას თბილისში საკაბელო ტელევიზია ახორციელებდა კომპანია Global TV-ს მეშვეობით.


თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა გიორგი რატიშვილმა განაცხადა, რომ კომისიას ამ პრობლემასთან არაფერი აქვს საერთო.


”მაესტროსა და Global TV-ს შორის გარკვეული ტექნიკური პრობლემებია, რაც მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი გახდა,” – განუცხადა რატიშვილმა Civil.Ge.-ს 29 ნოემბერს, ”მაესტრო” კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების გამო არ გამორთულა”.


ბოლო დროს ”მაესტრო” მხოლოდ მუსიკალურ კლიპებს უშვებდა. წარსულში ”მაესტრო” სხვადასხვა გასართობ გადაცემევს და რეალურ შოუებსაც ამზადებდა.


ახალი პროექტის წამყვანებს შორის ოთხი ჟურნალისტი მოიაზრებოდა: ალექსანდრე ელისაშვილი რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროდან, თამარ ჩიქოვანი ამავე სამსახურიდან, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ია ანთაძე და ზვიად ქორიძე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)