Site icon Civil.ge

სტუდია ”მაესტრომ” მაუწყებლობა განაახლა

დამოუკიდებელმა ტელესტუდია ”მაესტრომ” ერთდღიანი სამაუწყებლო პაუზის შემდეგ მუშაობა 29 ნოემბერს განაახლა.

სტუდია ”მაესტრო”, რომელიც მაუწყებლობას თბილისში კომპანია Global TV-ს მეშვეობით ახორციელებს, 28 ნოემბერს საღამოს გათიშეს.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ”მაესტროსა” და Global TV-ს შორის ”ტექნიკურმა პრობლემებმა” განაპირობა მაუწყებლობის გათიშვა.


მანამდე მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, სტუდიის მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ახალი პროექტი, რომელიც ჟურნალისტიკის პოპულარიზაციას და დემოკრატიული ღირებულებების წარმოჩენას ისახავს მიზნად. მან ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ მას დაუკავშირდა პიროვნება, რომლის დასახელებაც არ ისურვა და ”მეგობრულად ურჩია” არ დაეწყო ეს პროექტი. ”მაესტროს” მაუწყებლობის აღდგენამდე, მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძეც ჩაერთო. 

ღლონტმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ ახალი პროგრამა ეთერში 30 ნოემბერს გავა. 

”ეს პროექტი – ”პროფესია ჟურნალისტი” – ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ჩვენ უნდა გვეჩვენებინა ჟურნალისტის ყოველდღიური მუშაობა და მეორე ნაწილში ჟურნალისტს უნდა ესაუბრა სტუმართან იმის შესახებ, თუ რა არის დემოკრატია, რა განსხვავებაა საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემებს შორის. ეს უფრო შემეცნებითი პროექტი იყო,” – განაცხადა ღლონტმა. 
 
ახალი პროექტის წამყვანებს შორის ოთხი ჟურნალისტი მოიაზრება: ალექსანდრე ელისაშვილი რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროდან, თამარ ჩიქოვანი ამავე სამსახურიდან, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ია ანთაძე და ზვიად ქორიძე.

თუმცა ეს პროექტი უჩვეულოა ”მაესტროსთვის”, რადგან ტელესტუდიის ეთერში ბოლო დროს მხოლოდ მუსიკალურ კლიპები გადიოდა. წარსულში ”მაესტრო” სხვადასხვა გასართობ გადაცემებს და რეალურ შოუებსაც ამზადებდა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)