დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძისა და 15 კერძო კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრაზე ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია შედგა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ფონდის შექმნას ითვალისწინებს.
გურგენიძის განცხადებით, ამ ფონდისთვის კომპანიებმა 5 მლნ ლარი შეაგროვეს, თუმცა ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება და ბიზნესი კვლავაც ”გაიღებს ამას შემდგომი 5 წლის მანძილზე”.
”ეს არის ღია ინიციატივა და ნებისმიერს შეუძლია მიერთება,”- აღნიშნა გურგენიძემ.
მისი თქმით, მთავრობა ამ ფონდში ბიზნესის მიერ გაღებული თანხის ორჯერ მეტს ჩარიცხავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ”შედეგად იმისა, რომ ქართული ბიზნესები კარგად, პატიოსნად იხდით გადასახადებს და ბიუჯეტსაც აქვს იმის საშუალება, რომ შემოვიდეს დამატებითი ინიციატივით”.
შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამის ფარგლებში 10 მილიონ ლარს გამოყოფს.
”დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეკრების შემდეგ ეს თანხა გაიზრდება,” – განაცხადა გურგენიძემ.
სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ყურადღების კონცენტრირება პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზია.
22 ნოემბერს ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ მისი და მისი მთავრობის მთავარი ამოცანაა სოციალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რეფორმების განხორციელებისა და არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების ფონზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)