Site icon Civil.ge

სემნები ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის თაობაზე.


ტელეკომპანია ”იმედისთვის” ყადაღის მოხსნის რეკომენდაციით დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ გენპროკურატურას მიმართა, რათა ”იმედმა” მაქსიმალურად სწრაფად განაახლოს მაუწყებლობა.


”მართლაც გვჯერა, რომ კვირის ბოლოსთვის გადაწყდება ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მედიის საკითხებთან წინასაარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა 3 დეკემბერს პრესკონფერენციაზე პიტერ სემნებიმ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ”იმედის” პრობლემის მოგვარებაში.


მან ასევე მოუწოდა ”იმედის” ჟურნალისტებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.


”ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ მასმედია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოეკიდოს თავის მაუწყებლობას და არ უნდა იყოს, თუნდაც არაპირდაპირ, ძალადობისაკენ  მოწოდებები, რომელმაც შეიძლება მოიტანოს უკეთეს შემთხვევაში –  გაურკვეველი შედეგები და უარეს შემთხვევაში  – დაძაბულობის ზრდა ქვეყანაში”, – განაცხადა პიტერ სემნებიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)